Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალიან კარგი ცუდი სიმღერა


ხანდახან ადამიანს უბრალოდ სასაცილო სიმღერის მოსმენა გინდა და მორჩა! ეს კი „იუტიუბზე“ არსებული უამრავი სახალისო ვიდეოებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

არა, მართლა! თუ სადმე „ინტერნეტის ყველაზე სასაცილო მუსიკალურ კლიპებს“ დაძებნით და სიაში ეს არ ამოვიდა, მაგ სიას არ ენდოთ.

ვენუ მალეში ამით გახდა საქვეყნოდ ცნობილი. ნუ, საქვეყნოდ ცნობილი შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ რამდენიმე ათასკაციან კონცერტებს კი ატარებს ხოლმე.

რა არის ამ სიმღერაში სასაცილო? საიდან დავიწყოთ.

ჯერ თავად მომღერლის შესრულების მანერაა არაამქვეყნიური, ბოლომდე, თვალდახუჭული რომაა ჩართული. ხმაზეც იმდენი ავტოტუნი ადევს, რომ რომელიმე მცირე ზომის ქვეყანას მთელი წელი ეყოფოდა.

დამტვრეული ინგლისურით შესრულებული სიმღერის ტექსტი ცალკე დითირამბებს იმსახურებს. თან, ძალიან გეხმარება, ვიდეოს ზედვე რომ გამოისახება. ცალკე ხიბლს მატებს უსისტემოდ დიდი ასოებით დაწერილი სიტყვები - I am very Anger, I know it’s very Danger, მაგალითად.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებენ ვიდეოს დამხმარე პერსონაჟები - უსაყვარლესი ქალი ვოკალისტი, რომელსაც დროდადრო სიცილი უტყდება სრულიად გასაგები მიზეზებით. მოჭარბებული ენთუზიაზმის მქონე პროდიუსერი, რომელსაც ქუდად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თეთრი ტრუსი ახურავს და დროდადრო ისე ხტის ხოლმე ადგილზე, თითქოს Stairway to Heaven-ის ჩაწერას ესწრებოდეს.

პრინციპში, ძალიანაც არ ცდება. ვენუ მალეშის It's My Life What Ever I Wanna Do ცუდი სიმღერების Stairway to Heaven-ია. შემთხვევითი ხომ არაა, რომ 8 წლის განმავლობაში „იუტიუბზე“ 21 მილიონი ნახვა დააგროვა.

თან, როგორც ჩანს, შემსრულებელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. თავის ასეთ პოპულარობაზე თვითონაც კაიფობს და მაგით ჭამს დღემდე პურს. ასე, რომ თავს ცუდად არ იგრძნობ - აი, ვიღაც საწყალს დავცინი, რა წესიაო. არ არის საწყალი. თვითონაც ერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG