Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: ეს არ იყო პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამო


გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, მას სრული უფლება ჰქონდა სოლოლაკის ბიზნესცენტრში შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ეს განცხადება შოთაძემ გააკეთა 17 თებერვალს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მიმდინარეობდა მისი მოსმენა გენერალური პროკურორობის კანდიდატის რანგში.

„მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება აწარმოოს კერძო შეხვედრები, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, არ არის დაკავშირებული ბრალდებასთან. ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები... ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს“.

შოთაძის განმარტებით, შეხვედრის დეტალებზე მან ვრცლად ილაპარაკა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე და საკითხის უფრო ღრმად განხილვას არ აპირებს. თუმცა, მისი თქმით, პროკურორის ეთიკასთან შეუსაბამოს ვერაფერს ხედავს იმ ფაქტში, რომელიც საზოგადოებამ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მონათხრობით შეიტყო.

„ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, შეგიძლიათ იმ მხარეებსაც ჰკითხოთ, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. მე არ მახსოვს, ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი იქა, მაგრამ, მე როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში. რაიმე რომ ყოფილიყო ისეთი ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი...

მსგავსი არ ყოფილა. იყო მეგობრული შეხვედრა. შესაბამისად, მე ვერ დავინახე ვერაფერი ისეთი, რაც მე მაიძულებდა დამეტოვებინა შეხვედრა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ მე არანაირი ქმედება არ ჩამიდენია - არც ვერბალური და არც არავერბალური. არავიზე არანაირი ზეწოლა არ განმიხორციელებია და საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა დისკუსიაში“, - განაცხადა შოთაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შორის დავას სოლოლაკში, საკუთარ სახლში „პატარა სახელმწიფოს“ როლში მყოფი არჩევდა და ამ შეხვედრაში მონაწილეობდა იმხანად მოქმედი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე. ხაზარაძე ასევე ამბობს, რომ იმ შეხვედრაზე შოთაძემ მათთვის სასარგებლო შეფასება გაახმოვანა და ამით ამოიწურა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის 30 მილიონი დოლარის უკანონოდ გადახდის მოთხოვნა.

ხაზარაძის მიერ ამ ამბის გასაჯაროებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში და მათ შორის - იურისტებსა და უფლებადამცველებს შორის.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა. უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG