Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზმა სმირნოვმა შეურაცხყო სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალები


დმიტრი სმირნოვი ერთ-ერთ თავყრილობაზე
დმიტრი სმირნოვი ერთ-ერთ თავყრილობაზე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სკანდალურად ცნობილმა რუსმა დეკანოზმა, დმიტრი სმირნოვმა, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ერთ-ერთ თავყრილობაზე სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ქალებს „უფასო მეძავები“ უწოდა.

„ჩვენში ქალებს თავად არ ესმით, თუ რა არის ქორწინება. არ სიამოვნებთ თქვან, „მე უფასო მეძავი ვარ“, ამიტომ ამბობენ, სამოქალაქო ქორწინებაში ვარო. გამარჯობა შენი! არა, უბრალოდ, უფასოდ ემსახურები და მორჩა. ასე რომ, შენ ცოლად არავინ მიგიჩნევს“, - განაცხადა დეკანოზმა სმირნოვმა უცნაური სახელწოდების მართლმადიდებელთა გაერთიანება OrthodoxBRO-ის შეკრებაზე.

ზახაროვას ირონია და სიმონიანის „აღიარება“

რუსი მღვდელმთავარი ამ სიტყვების გამო დაგმეს არა მხოლოდ უფლებადამცველებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, არამედ კრემლის პროპაგანდისტული „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა, და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. ამ უკანასკნელმა რიტორიკული შეკითხვით მიმართა მის კოლეგას რუსეთის საპატრიარქოში, ვლადიმირ ლეგოიდას: „შეიძლება, რომ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ მამაკაცებს რაიმე სახელი ვუწოდოთ? ვფიქრობ, ქალები მხარს დამიჭერენ“, - დაწერა ფეისბუკში მარია ზახაროვამ.

უფრო ნაკლებად დიპლომატიური იყო კრემლის ერთ-ერთი წამყვანი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფება ტიგრან კეოსაიანთან და წყვილს სამი შვილიც ჰყავს.

ჟურნალისტი აღიარებს, რომ მისთვის „საშინლად მძიმე გადასაწყვეტია გათხოვება“, ვინაიდან საერო ქორწინებას მიიჩნევს „უაზრო“ ნაბიჯად, რაც „ცხოვრების უამრავ ასპექტს“ ართულებს.

„რაც შეეხება საეკლესიო ქორწინებას, ის, რა თქმა უნდა, შეუქცევადი და საბოლოოა, რის გამოც მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ვიღაც სიტყვით გამოდის „უფასო მეძავებზე“,...ამას არაფერი აქვს საერთო არც სარწმუნოებასთან და არც ღმერთთან... და მეც კვლავ არ ვთხოვდები, ბრმად, პრინციპების გამო. ეს, ცხადია, ჩემზე კარგს არაფერს ამბობს, მაგრამ არც რაიმე ცუდს ამბობს“, - წერს ფეისბუკში მარგარიტა სიმონიანი.

რუსეთის საპატრიარქოს რეაქცია

საყოველთაო კრიტიკისა და აღშფოთების მიუხედავად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შეეცადა დაეცვა სასულიერო პირი. რუსეთის საპატრიარქოში განაცხადეს, რომ დეკანოზ დმიტრი სმირნოვის „რეზონანსული გამონათქვამი“ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ქალებზე მიზნად ისახავდა არა ქალების შუერაცხყოფას, არამედ „უპასუხისმგებლო მამაკაცების“ პრობლემისთვის ყურადღების მიპყრობას.


„მამა დმიტრიმ მისთვის დამახასიათებელი თვალსაჩინო მანერით მიაპყრო ყურადღება ქალების პრობლემას, ქალებისა, რომლებიც იძულებული არიან იცხოვრონ კაცებთან ქორწინების დაურეგისტრირებლად. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევებში მამაკაცები უარს ამბობენ ოჯახურ ვალდებულებებზე და ხშირად უმიზეზოდ ტოვებენ სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ ცოლებს, რითაც მათ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებენ“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ ეკლესიასთან არსებული საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვახტანგ ყიფშიძემ.

დეკანოზმა სმირნოვმა უარი თქვა ბოდიში მოეხადა თავის სიტყვებზე, თუმცა ეს მის მაგივრად გააკეთა მოსკოვის საპატრიარქოს მაღალჩინოსანმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა.

„ბოდიშს ვუხდი მრავალრიცხოვან ქალებს, რომლებმაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი სასულიერო პირის მორიგი ეპატაჟური გამოთქმების გამო“, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა, თუმცა მანაც გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „სოციალური კონცეფციის“ საფუძველს სწორედ „დარეგისტრირებული ქორწინებისადმი“ პატივისცემა წარმოადგენს.

შეიარაღებული ძალების „მთავარი მოძღვარი“ და ჰომოსექსუალების მტერი

დეკანოზი დმიტრი სმირნოვი ცნობილია, როგორც ჰომოსექსუალობის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი სასულიერო პირი და ტრადიცული ფასეულობების, ოჯახისა და მორალის დამცველი.

სოციალურ მედიაში დეკანოზს შეიარაღებული ძალების მთავარ მოძღვარსაც უწოდებენ. საქმე ისაა, რომ დმიტრი სმირნოვი 2011-2013 წლებში მოსკოვის საპატრიარქოში შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცველი დაწესებულებების სინოდალურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

თუმცა დეკანოზი კვლავ აგრძელებს სამხედრო ძალებთან ურთერთობას. იგი ამჟამად პეტრე დიდის სახელობის სტრატეგიული სარაკეტო ძალების სამხედრო აკადემიაში მართლმადიდებელი კულტურის ფაკულტეტის დეკანია. დმიტრი სმირნოვი ოჯახის საკითხებში საპატრიარქოს კომისიის თავმჯდომარეცაა და მანამდეც გაუკეთებია სკანდალური განცხადებები.

გასულ წელს დეკანოზმა დმიტრიმ ყურადღება იმით მიიქცია, რომ დარვინიზმის თეორიის წინააღმდეგ გაილაშქრა.

„თანამედროვე მეცნიერებას არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია გარდა იმისა, რომ ჩვენ მაიმუნის შვილები ვართ. სრულიად არასამეცნიერო თეორიაა, რომელიც აბსოლუტურად არ დადასტურდა“, - განაცხადა დეკანოზმა და დასძინა, რომ არსებობს არჩევანი: „ან უნდა მივიღოთ„ბიბლიური სწავლება მთელი სამყაროსა და ადამიანის ღმერთის მიერ შექმნის შესახებ, ანდა განვაგრძოთ სისულელეების როშვა მსოფლიოს ყველა გიმნაზიაში, რასაც თანამედროვ მეცნიერება ცდილობს“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე „ოჯახი და ოჯახური ფასეულობები რუსეთის ტრადიციულ რელიგიებში“.

ნიშანდობლივია, რომ კონფერენციას უძღვებოდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე და რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სერგეი სტეპაშინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG