Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმა


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, ორეტაპიანი ფარული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის პოსტზე.

პირველი ფარული კენჭისყრის დროს, კომიტეტის წევრებმა ბიულეტინების საშუალებით პასუხი გასცეს შეკითხვას - „მიიჩნევთ თუ არა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ბატონი ირაკლი შოთაძე შეესაბამება საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს?“. შემოხაზული ბიულეტინები დეპუტატებმა სპეციალურ ყუთში ჩაყარეს.

ამ პროცედურის ფარგლებში შოთაძემ 8 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. მას ასევე 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი მეორე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით.

მეორე ეტაპზე კომიტეტის წევრებს პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვისთვის - „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას, რომლითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას - საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ბატონი ირაკლი შოთაძე არჩეულ იქნას საქართველოს გენერალურ პროკურორად?“.

17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი შოთაძის მოსმენა, კითხვა-პასუხისა და დაზუსტებების ჩათვლით, თითქმის 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსმენის პროცედურის დაწყებამდე ირაკლი შოთაძეს „ივანიშვილის მონა“ უწოდეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატებმა.

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ და მწვავე განცხადებების ფონზე, გაშალეს პლაკატები წარწერით - „მონა“.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ 7 თებერვალს გამართული კენჭისყრის შედეგად შეარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. თავის მხრივ, კანდიდატად ირაკლი შოთაძის დარეგისტრირების განაცხადით საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიმართა.

შოთაძე ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას - 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით. პოსტიდან ის მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

„ქართული ოცნება“ ირაკლი შოთაძის მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოხატავდა მანამდე, ვიდრე მისი კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნებოდა.

კომიტეტის შემდეგ, გენპროკურორობის კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც მოუსმენენ და პოსტზე დამტკიცების საკითხს ასევე კენჭისყრის გზით გადაწყვეტენ. წინასწარი ინფორმაციით, ეს 18 თებერვალს მოხდება.

უფლებადამცველები, მე-3 სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შოთაძის დაბრუნებას გენერალური პროკურატურის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის დამაზიანებლად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG