Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის კენჭისყრის დროს პარლამენტის ბიურო დაადგენს


ირაკლი შოთაძე

საქართველოს პარლამენტის ბიურო დღეს, 18 თებერვალს გადაწყვეტს, როდის ეყრება პლენარულ სხდომაზე კენჭი გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს.

ბიუროს სხდომას, რომელიც 11 საათზეა დანიშნული, დასკვნას წარუდგენს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 17 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-დან 8 წევრმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატს კენჭს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრიან. ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორობისთვის სჭირდება სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. მის კანდიდატურას ემხრობიან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრები.

პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან, დილის 10 საათიდან გააპროტესტებენ პიკეტირების აქციით და „სირცხვილის დერეფნით“.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა პარლამენტისთვის წარსადგენად 7 თებერვალს, 15 პრეტენდენტიდან შეარჩია საპროკურორო საბჭომ.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე. შოთაძე მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გაურკვეველი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე, მაშინ, როცა პროკურატურას კონკრეტული ბრალდებული ჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG