Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების საბჭოს მდივნადაც დაინიშნა


ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი განსაკუთრებით დღეს ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, ეს გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

ვახტანგ გომელაურამდე უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იზორიამ თანამდებობა დატოვა და გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, რომლის მანდატია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე. 2019 წლის მაისში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბჭოს პირველ მდივნად დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნამდე არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG