Accessibility links

site logo site logo

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები მაუწყებელში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მაუწყებლის თანამშრომლების მიერ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლების მცდელობას, აზრი გამოეთქვათ ტელევიზიაში ბოლო ხანს მიმდინარე პროცესებსა და საფრთხეებზე. მათ გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია საშტატო განრიგის ცვლილება, რომელსაც მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე ითხოვს. საუბარია ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატის გაუქმებაზე. მათ შორის, ცვლილებები ეხებათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს და პოლიტიკური ტოქშოუების შემოქმედებითი სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი მურვანიძეს. მათ ჩამოშორებას ჟურნალისტები აფასებენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად და მიიჩნევენ, რომ დირექტორი და ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.

თავის მხრივ, მაუწყებლის დირექტორი, რომლის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული, ირწმუნება, რომ ახალ მოადგილეს ექნება სწორედ ის მოვალეობები, რომლებიც ამჟამად აქვთ სამსახურების უფროსების მოადგილეებს. გიორგი კოხრეიძის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ სამსახურების უფროსებს მოადგილეები არცერთ სხვა მაუწყებელში არ ჰყავთ.

დირექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხარვეზიანს უწოდებს ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი: „ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ დღეს საშტატო განრიგის ცვლილება არ უნდა იყოს დღის წესრიგში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დოკუმენტი არის ხარვეზიანი, არ არის ახსნილი, რა შტატები უქმდება, რა ფუნქციები დუბლირდებოდა, სად იყო პასუხისმგებლობები აბნეული, ახალ შტატს რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და აუცილებელია კომუნიკაცია, მათ შორის, პროფკავშირის ჩართულობით“.

მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, დღემდე ამ შეკითხვებზე მხოლოდ შაბლონურ პასუხებს იღებენ: „ერთი არგუმენტი მაინც თქვან, გარდა იმისა, რომ ევროპაში ასეა“.

პროფკავშირის წარმომადგენლისთვის გამოსვლაზე უარი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ჩხარტიშვილმა, იმით ახსნა, რომ სხდომას სხვა მოქალაქეებიც ესწრებიან და გამონაკლისს ვერავისთვის დაუშვებს.

საბჭოს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ სტუდიასთან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას“, „მოაშორე ბიძინა ბინძური ხელები ჩემს ტელევიზიას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG