Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს


სახალხო დამცველის და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების შეხვედრა. 2019 წლის 5 დეკემბერი
სახალხო დამცველის და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების შეხვედრა. 2019 წლის 5 დეკემბერი

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენების გამო.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

„გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 19 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას მოჰყავს რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ახლად არჩეული დირექტორის მიერ არხის კრიტიკული ტონის დაწუნება, ტელევიზიის თანამშრომლების მიკერძოებაში დადანაშაულება და პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად შეცვლა: „განსაკუთრებით საყურადღებოა აგრეთვე ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები აჩენს ეჭვებს კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის შესახებ. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG