Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე უსამართლოს უწოდებს დასუფთავების გადასახადის არსებულ სისტემას


თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა.

კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირებზე მეტ გადასახადს იხდიან. მისი სიტყვებით, ჯამური სხვაობა დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს. ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების თითქმის 95-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოსაკრებლის გადახდის თვალსაზრისით, თითქმის არანაირი სხვაობა არ არსებობს. ანუ, იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია. მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს და მაია ბითაძეს, რომ დაიწყონ მოძიება, თუ როგორი მიდგომაა განვითარებულ ქვეყნებში მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, დაგეგმილია ასევე თბილისში ახალი ნაგავმზიდი მანქანების შემოყვანა და ურნების შეცვლა. მან ისაუბრა ასევე ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ურნების განთავსებაზე, რომლის დასათვალიერებლად ოპოზიციის წარმომადგენლების მიყვანას გეგმავს, სამუშაოების დასრულების შემდეგ.

„ეს არის სიახლე, რომელიც პირველად ჭავჭავაძის გამზირზე ხორციელდება და ოპოზიცია ვერ გაერკვა, ჩვენი ოპონენტები ვერ გაერკვნენ საერთოდ, რა ხდება ამ მიმართულებით და რას ვაკეთებთ. თუმცა, როდესაც პროექტს დავასრულებთ და განხორციელდება, მივიყვანთ ადგილზე და ვაჩვენებთ რა გაკეთდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეტაპობრივად, სხვა უბნებშიც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG