Accessibility links

logo-print logo-print

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე: ნამდვილად არ ვაპირებ, ელენე ხოშტარიას ბოდიში მოვუხადო


„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიასთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი.

„ელენე ხოშტარიასთვის ლევან ონიანს არ უგინებია, როგორც ქალბატონისთვის“, - უთხრა „მთავარ არხს“ ლევან ონიანმა და დაამატა, - „ელენე ხოშტარიას ლევან ონიანმა ის ემოციური პოსტი დაუწერა და არამარტო ელენე ხოშტარიას. ბატონი თქვენი ლიდერი თუ იმათი ლიდერი მიშა სააკაშვილიც იყო ნახსენები, რომელსაც არანაკლებ ემოციური პოსტი მივუძღვენი. აქედან გამომდინარე, ნუ აკეთებთ აქცენტირებას. რატომ არ იქნა ნახსენები მიხეილ სააკაშვილიც, იქ იხსენა „შუაშისტებიც“. არ გაგიჩნდათ კითხვა, ეს „შუაშისტები“, ვინ არიან? მაგალითად, ეს „შუაშისტები“ ხართ თქვენ, ადამიანები, რომლებიც იძახით, რომ ხართ ჟურნალისტები არადა ამ დროს ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი „პიარსამსახური“. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ელენე ხოშტარიას ბოდიში მოვუხადო. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არსებობს ისეთი ქმედებები, სადაც ჩემი გინება არის ყველაზე პატარა ცოდვა იმასთან შედარებით, რაც მოხდა გლობალურად“.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა „ფეისბუკზე“ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის, გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი“.

რაც შეეხება რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, ის აქამდეც გამოირჩეოდა შეურაცხმყოფელი ტექსტების გამოქვეყნებით. 2019 წლის ივლისში რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მის გადაყენებას ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო მოითხოვდა, თუმცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინადადებას არ დაეთანხმა.

11 ივლისს „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 20-21 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებების შემდეგ, ლევან ონიანმა წამყვანის მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასება გამოაქვეყნა.

მოგვიანებით ლევან ონიანმა ამისთვის ბოდიში მოიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG