Accessibility links

logo-print logo-print

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი გახარიას და პარტიების ლიდერებს შეხვდა


თბილისს ეწვია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა. ის შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემოს განსახილველად, - იტყობინება ამერიკის შეერტებული შტატების საელჩო საქართველოში.

საელჩოს ინფორმაციით, ყველა შეხვედრაზე კრის სოჩამ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. გარდა ამისა, მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე.

კიდევ ერთი თემა, რაზეც კრის სოჩამ საქართველოში გამართულ შეხვედრებზე ილაპარაკა, პოლიტიკური უფლებებისადმი პატივისცემას ეხებოდა.

„ბატონმა სოჩამ, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას“, - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

11 თებერვალს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯეიმს რიში გიგი უგულავას დაპატიმრებას სენატის საგარეო კომიტეტის ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდზე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია, ვინაიდან „საქართველომ არჩია გაზარდოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG