Accessibility links

logo-print logo-print

EMC: გამოსახლების საფრთხეში მყოფ ოჯახებს უსახლკარობა ემუქრებათ


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, საცხოვრისიდან გამოსახლების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება არ გაუმჯობესებულა. საქართველოს კანონდებლობა კი საერთაშორისო სტანდარტებთან კვლავ შეუსაბამოა.

გამოსახლების საფრთხეში მყოფი ოჯახების დიდი ნაწილი, ორგანიზაციის შეფასებით, უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაშია და მათ უსახლკარობა ემუქრებათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად არის გაზრდილი გამოსახლების შესახებ საქმისწარმოებაც. მაგალითად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, უძრავი ქონების მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ 1300-ზე მეტი განცხადება შევიდა, რაც EMC-ს განცხადებით, 2014-2017 წლების დაჯამებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს უახლოვდება.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავარი გამოწვევა, რაც ამ სფეროში საქართველოში არსებობს, ის არის, რომ კანონმდებლობა და პრაქტიკა გამოსახლების საკითხს მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის ჭრილში განიხილავს და გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს ძირითადი აქცენტი მესაკუთრის უფლებებზე კეთდება. გამოსახლებული პირების უფლებებს კი არავინ იცავს.

„განსაკუთრებით სუსტია სამართლებრივი დაცვის გარანტიები გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, რადგან გასაჩივრების ფაქტი ვერ უზრუნველყოფს გამოსახლების პროცესის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ გროვდება ინფორმაცია გამოსახლების მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ. ამგვარი მონაცემების არარსებობის პირობებში სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, დაგეგმოს პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა“, - წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის ადამიანების გამოსახლება ღამით, ზამთარში, ცუდ ამინდში. კანონი არც ამ ხალხის ინფორმირების სტანდარტს განსაზღვრავს. და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, სახელმწიფო გამოსახლებულ პირებს ვერ სთავაზობს ადეკვატური საცხოვრისს. ე.წ. საპოლიციო გამოსახლების აკრძალვამ და გამოსახლისის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წარმართვა პროცესს ვერ შველის.

EMC მოუწოდებს სახელწიფოს:

  • სახელმწიფომ განიხილოს ისეთი დროებითი ზომები, როგორიცაა გამოსახლების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადება, რაც დაიცავს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებსა და შინამეურნეობებს უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენისაგან;
  • გამოსახლების ყველა ეტაპის მარეგულირებელი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გახდეს.
  • გამოსახლების პრევენცია და მისი რაოდენობის შემცირება გახდეს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მუშავდება ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად;
  • ჩამოყალიბდეს გამართული ინსტიტუციური ჩარჩო, რაც, მათ შორის, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საფუძველს შექმნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG