Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრის ცნობით, ტელეკომპანიები დავალიანების გრაფიკით გადახდას დათანხმდნენ


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ტელეკომპანიების მხრიდან წარმოდგენილია წინადადებები საგადასახადო შეთანხმებისთვის, რომლის თანახმად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გრაფიკით უზრუნველყოფენ გადასახადების სრულად გადახდას.

დღეს, 20 თებერვალს პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატით გამოსვლისას ივანე მაჭავარიანს კონკრეტული ტელეკომპანიები არ დაუსახელებია, თუმცა, თქვა, რომ გრაფიკი მათ საშუალებას მისცემს, არ შეწყვიტონ მაუწყებლობა და სრულად დაფარონ დაგროვილი დავალიანება.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოში სამწუხარო ტრადიციად ჩამოყალიბდა მსხვილი ტელეარხების მიერ გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება: „ეს ერთი მხრივ, ნიშნავდა ბიუჯეტში შემოსავლების დაკლებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებდა შედარებით მცირე ზომის ტელევიზიების განვითარებას“.

მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს ტელეკომპანიებს საჯაროდ განუმარტეს, რომ მსგავსი პრაქტიკის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ და ყველას მიმდინარე გადასახადის გადახდა მოთხოვეს: „ეს პოლიტიკა თანაბარ პირობებში აყენებს ყველა ტელევიზიას და ამავდროულად აორმაგებს კერძო მაუწყებლების მიერ ბიუჯეტში გადახდილ თანხებს. ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 22 მილიონი ლარის შემოსავალი მოაქვს ბიუჯეტში“.

„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ მედიასაშუალებების უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესსუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

2019 წლის 25 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო „კავკასიის“, „TV პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ანგარიშებს. მანამდე, 23 დეკემბერს სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს და ერთი დღის ვადას აძლევს 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხის დასაფარად.

"პირველის" და "კავკასიის" ხელმძღვანელებმა ფინანსთა სამინისტროს "უსამართლო გადაწყვეტილება" დაუკავშირეს ხელისუფლების მიმართ ტელეკომპანიების კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას და დაინტერესდნენ, რატომ არ არის მიღებული ანალოგიური ზომა ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, რომელსაც მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს. თავის მხრივ, "იმედმა" განაცხადა, რომ მას ბიუჯეტის მიმართ მიმდინარე დავალიანება არ გააჩნია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG