Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სამი "ხვრელი" დაასახელა


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ფისკალური შემოტრიალება უწოდა იმას, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში საგადასახადო შემოსავლები წინასწარ დაგეგმილზე 550 მილიონი ლარით მეტი იყო.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ მსგავსი გადაჭარბება საქართველოს არასდროს ჰქონია, მით უმეტეს, რომ „ეს არ ყოფილა კონსერვატორული დაგეგმვის შედეგი“.

მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლების გაზრდა ახსნა სამი მიმართულებით სიტუაციის შემოტრიალებით: „სამი ძირითადი მიმართულებით დავინახეთ სისუსტე ჩვენს სისტემაში. არ მინდა დავარქვა ხვრელი, მაგრამ შეიძლება ესეც ვუწოდოთ“.

ივანე მაჭავარიანმა პირველ მიმართულებად დაასახელა თამბაქო, სადაც ადმინისტრირების პრობლემის გარდა, იყო საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობა და ეს შარშან განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა.

მაჭავარიანმა მეორე ხვრელად დაასახელა საწვავი და მასთან დაკავშირებული თაღლითური სქემები და თქვა, რომ თამბაქოს და საწვავის მიმართულებებით ქვეყანა პრინციპულად შემოატრიალეს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებითვე მესამე, შედარებით პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ხვრელი იყო ტელეკომპანიები, რომლებსაც გადასახადების გადახდა მოთხოვეს: „პრაქტიკულად, შვიდ მილიონს იხდიდნენ შარშან, ვინც პატიოსნად იხდიდა. პირველი ოქტომბრიდან, ჩვენ რომ მოვთხოვეთ მიმდინარეს გადახდა, უცბად ხუთი მილიონის მობილიზება გავაკეთეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც კაპიკს არ იხდიდნენ“.

„სამი, ესე ვთქვათ, ხვრელი - საწვავი, თამბაქო და ტელევიზიები 2019 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრაქტიკულად განულებული“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტში ფინანსთა მინისტრის გამოსვლას ოპოზიციური ფრაქციები არ დასწრებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG