Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს


საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ გამოდის წინადადებით შეიქმნას ანტიკორუფციული, დროებითი საპარლამენტო კომისია. ფრაქციის ინიციატივა ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას აღნიშნული კომისიის შექმნის მიზნით.

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასათანადოდ მიმდინარეობს, ხოლო პარლამენტი ამ მიმართულებით ეფექტური მაკონტროლებელი ორგანო ვერ გახდა. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ შეფასებით, შედეგად კორუფციული სქემები „გარდამავალი დროშასავით გადადის ერთი მთავრობიდან მეორის ხელში“.

„ჩვენ არ ვენდობით ანტიკორუფციულ სააგენტოს, არ ვენდობით ფინანსურ პოლიციას, არ ვენდობით გენერალურ პროკურატურას“, - აღნიშნა „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი აზრით, კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ფუნქცია პარლამენტმა უნდა შეასრულოს. თავის მხრივ, ბრიფინგზე გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯებიც, მათ შორის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სტრუქტურის შექმნა.

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ინიციატივის მხარდაჭერის თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა. დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ აქვთ კონკრეტული კორუფციული ფაქტები, კონკრეტული თემები, რომლებსაც სააშკარაოზე გაიტანენ:

„სახეზე გვაქვს ელიტარული, მათ შორის, ასევე პოლიტიკური კორუფციაც. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ ჩვენ - „დამოუკიდებელი დეპუტატები“ თავს ვალდებულად ვთვლით, შევიტანოთ ეს ინიციატივა", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG