Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

გელა გიორგაძე

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.

გელა გიორგაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თადარიგის ოფიცერია. მანამდე იგი თავდაცვის ძალების გენერალური შტაბში მუშაობდა. იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2013-2016 წლებში გელა გიორგაძეს გერმანიასა და შვეიცარიაში თავდაცვის ატაშეს თანამდებობა ეკავა. 2010-2012 წლებში იგი თავდაცვის ატაშე იყო პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

გელა გიორგაძე მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყის და მტკიცე მხარდაჭერის სამშვიდობო მისიებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გელა გიორგაძე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 20 თებერვლიდან შეუდგა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან შეცვალა დიმიტრი ლეჟავა, რომელიც მედიის თანახმად, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) ყოფილი ოფიცერი იყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ დიმიტრი ლეჟავამ თანამდებობა 2019 წლის დეკემბერში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი

კორონავირუსით დაავადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი

კორონავირუსით დაავადება დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"დაავადებულებთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით. იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დონალდ ტრამპის თქმით, შეიძლება კარანტინში მოაქციოს ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ შეიძლება კარანტინში მოაქციოს ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი და კონექტიკუტი.

მისი თქმით, ის ფიქრობს კარანტინის შესახებ, ამავე დროს ის მოითხოვს, სწრაფად გაიხსნას ეკონომიკა.

ტრამპმა თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა აშშ 12 აპრილისთვის ბიზნესის განახლებას ქვეყნის დიდ ქალაქებში.

როგორც როიტერსი იტყობინება, შეკითხვაზე, მისი აზრით, მოხერხდება თუ არა აშშ-ში მკაცრი ზომების გაუქმება აღდგომისთვის, ტრამპმა თეთრ სახლში განაცხადა, „ვნახავთ, რა მოხდება“.

ჯუზეპე კონტეს თქმით, ევროკავშირში სერიოზული დაპირისპირებაა საერთოეროპული თაობაზე

ჯუზეპე კონტე

ევროკავშირის ისტორიაში პირველი საერთო-ევროპული ობლიგაციების ემისიამ პოლემიკა გამოიწვია და აზრთა სხვადასხვაობა გამოავლინა ევროპის წამყვან პოლიტიკოსებს შორის.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოთქვა შიში, რომ ევროკავშირი დაკარგავს თავის ამოცანას, თუკი სერიოზულ პასუხს ვერ გასცემს პანდემიას და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ კრიზისს. ეს განცხადება კონტემ 28 მარტს გააკეთა იტალიურ საქმიან გაზეთ Il Sole 24 Ore-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„თუკი ევროპა ვერ მოერევა ამ უპრეცედენტო ამოცანას, ხალხისთვის მთელი ევროპული სტრუქტურა დაკარგავს არსებობის აზრს“, თქვა კონტემ. საქმე ეხება ევროპული ობლიგაციების ემისიას, რომლის მიზანია განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნების დახმარება. ევროობლიგაციების გამოშვებას იტალია და ესპანეთი ითხოვენ.

26 მარტს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ვიდეოკონფერენციაზე ვერ მოხერხდა ობლიგაციებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის შემუშავება.

იტალიის პრემიერმა დისკუსიას უწოდა არა „უბრალოდ უთანხმოება“, არამდე „მკვეთრი და ღია კონფტრონტაცია“ ევროკავშირის მომავალი კურსის თაობაზე.

საქართველოში დადასტურდა COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა

28 მარტის განმავლობაში 85-დან 90-მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, - ამის შესახებ იტყობინება სამთავრობო ვებ-საიტი stopcov.ge, რომელმაც განახლებული მონაცემები 28 მარტის, 20.00 სთ-ზეგამოქვეყნა.

არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც კვლავ 14-ია.

ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.

ამირან გამყრელიძე: „საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე!“

„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ამირან გამყრელიძის თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი.

„ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს, რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.

„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 30 მარტიდან დროებით ჩაკეტავს საზღვრებს

30 მარტიდან რუსეთი „დროებით“ ჩაკეტავს საზღვრებს კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად. ამის შესახებ ცნობა რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

აკრძალვა სხვათა შორის არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე.

ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო მას შემდეგ, რაც 28 მარტს გამოვლინდა სიკვდილის სამი ახალი შემთხვევა, რის შედეგადაც ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ შვიდს მიაღწია.

ერთი ადამიანი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში, ერთი ორენბურგის ოლქში და ერთი მოსკოვში.

რუსეთის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა თანახმად, ამ მომენტისთვის რუსეთში დადასტურებულია ინფექციის 1264 შემთხვევა - მათ შორისაა შვიდი გარდაცვლილი და 49 გამოჯანმრთელებული.

ამირან გამყრელიძე: „მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი!“

„ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტის დაავადების წყარო დადგენილი არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში.

„სამ შემთხვევაში არ ვიცით, ვინ არის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ, მაგრამ ორ შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავადგენთ, ანუ ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება იმ პირებისგან, რომელთა ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული და ეს ინფიცირებული ადამიანები დადიან ქვეყანაში და სხვებს ასნებოვნებენ.

„ეს ფაქტია უაღრესად საყურადღებო და, მე ვიტყოდი, საგანგაშო“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმში ცეცხლი გაუჩნდა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს

ერთი საათის წინ ბათუმში ირაკლი აბაშიძის 6 ნომერში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ამ წუთებში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. შენობიდან გამოყვანილია აქ მცხოვრები 10-ზე მეტი ოჯახი. ადგილზე მყოფი ქალაქის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ დაზარალებულებს მერია დროებითი ქირით გაიყვანს.

29 მარტიდან აზერბაიჯანში მკაცრდება საკარანტინო ზომები

29 მარტიდან აზერბაიჯანში მკაცრდება COVID-19-ის გავრცელების შენელებისკენ მიმართული საკარანტინო ზომები.

იკრძალება რეგიონებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა. ზოგიერთ გამონაკლისს შორისაა სასწრაფო დახმარების, სოციალური სამსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანები.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წესების შესახებ 27 მარტს გამოაცხადა.

ბაქოს მეტრო დღეში მხოლოდ ხუთ საათს იმუშავებს. დახურული რჩება რესტორნები, კაფეები, ჩაიხანები და მაღაზიები - სუპერმარკეტების, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გამოკლებით.

28 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა 165 ადამიანს, მათგან სამი გარდაიცვალა. 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ხელისუფლებამ ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებული არდადეგები 4 აპრილამდე გაახანგრძლივა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომლის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ვებსაიტ topcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239. ამასთან, 86 დაავადებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა 14.

ირანში შიშობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ გასწვდება ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას

ირანში კორონავირუსით სიკვდილის 139 ახალი შემთხვევა აღირიცხა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში 2517 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯანდაცვის მინისტრმა კიანუშ ჯაჰანპურმა 28 მარტს ირანის ტელევიზიით გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი უკანასკნელ 24 საათში 3076-ით გაიზარდა და 35408-ს მიაღწია.

ირანი სასიკვდილო ვირუსით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა აშშ-სთან, იტალიასა და ჩინეთთან ერთად.

მიმდინარე კვირაში ირანში ახალი აკრძალვა დააწესეს მოგზაურობაზე. ხელისუფლება შიშობს, რომ ბევრმა ირანელმა უგულებელყო შინიდან გასვლაზე ადრე შემოღებული აკრძალვა.

პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ ხელისუფლება ორი კვირის განმავლობაში მოახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას.

თუმცა ამ მიზნის მიღწევა ეჭვქვეშ დგება მაშინ, როცა ინფიცირებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს და მატულობს შიში, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გასწვდება ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 615 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 28 700-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 135 ათასამდე.

პაატა იმნაძე: „გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი!“

„პოლიტიკაში მრევენ. თავი დამანებოს სულ ყველამ, იმიტომ, რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.

„თავი დამანებონ, იმიტომ, რომ იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე... იქ, იმ ბანაკში ჭკვიანები ხომ არიან?! თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი, ვაფრთხილებ. დაეტიონ თავიანთ ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ასეთი რეაქცია გამოიწვია ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის კრიტიკამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით.

„ამ ქვეყანაში ყველა ეპიდემიოლოგი გახდა. რაღაც ჩვენც ვიცით. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ, უფრო უჭირთ... რჩევას ყველასგან მივიღებ. მარტო კი არ ვმუშაობ, აქ ისეთი ადამიანების გუნდია შეკრებილი. მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველა რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე, სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვის ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რადიო თავისუფლებამ უშედეგოდ სცადა განმარტებების მიღება პაატა იმნაძისგან იმასთან დაკავშირებით, თუ რის თქმას, აპირებს ის, როცა ალაპარაკდება; ვინ უპირებდა "ხელის ხლებას" და რა როლი აქვს ამ ყველაფერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ენდი ვებერს.

IMF-ის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო უკვე ჩათრეულია რეცესიაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკა უკვე ჩათრეულ იქნა რეცესიაში კორონავირუსის პანდემიის გამო. მან მსოფლიოს ქვეყნებს ხარჯვის „ძალიან დიდი“ პროგრამებისკენ მოუწოდა, რათა მზარდ ბაზრებზე თავიდან იქნეს აცილებული გაკოტრებებისა და დეფოლტების ტალღა.

ბულგარელმა ეკონომისტმა 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბაზრების ქვეყნებს, სულ მცირე, 2,5 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გადასალახად.

მსოფლიოს 24 ქვეყნის წარმომადგენლებთან სატელეფონო კონფერენციის შემდეგ გეორგიევამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ახლა ნათელია, რომ შევედით ისეთსავე ან უარეს რეცესიაში, როგორიც 2009 წელს იყო“. მისი თქმით, ის „საკმაოდ ღრმა“ იქნება.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა 2021 წელს ვითარება მნიშვნელოვნად გამოსწორდეს, „ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველგან მოვახერხებთ ვირუსის ლოკალიზებას და არ დავუშვებთ ლიკვიდურობის პრობლემის გადაქცევას გადახდისუნარიანობის პრობლემად“.

ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა - მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი 24 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიკოსების თქმით, ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმის რამაზ თევზაძის თქმით, "ჩატარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. ჰქონდა შემავალი, მრავლობითი ჭრილობები. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება".

მკვლელობა სოფელ ვეჯინში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერიდან იყო ჩასული და სტუმრად ნათესავთან იმყოფებოდნენ.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული დააკავა, თუმცა მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის მამაკაცი ახლა გურჯაანის "ჯეო-ჰოსპიტალსის" საავადმყოფოშია მოთავსებული. მან შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მკერდის არეში მიიყენა. გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, უჰანი ნორმალურ რიტმს უბრუნდება

28 მარტს უჰანში კვლავ ამუშავდა მეტრო.

ჩინეთის ქალაქ უჰანში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის პანდემია, კვლავ ნორმალურ რიტმს უბრუნდებიან ორთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ.

28 მარტს კვლავ ამუშავდა ქალაქის ზოგიერთი სატრანსპორტო სამსახური, გაიხსნა 11-მილიონიანი ქალაქის საზღვრები. ჰუბეის პროვინციაში, რომლის დედაქალაქია უჰანი, კორონავირუსით გარდაიცვალა 3177 ადამიანი. მთელს ჩინეთში COVID-19-ს 3299 ადამიანი ემსხვერპლა.

მაგრამ სხვა ქვეყნებში იბრძვიან COVID-19-ის აფეთქების შესაკავებლად. ამჟამად მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 27800-ზე მეტი.

აშშ-ში, პანდემიის ახალ ეპიცენტრში, რეგისტრირებულია 104 837 ინფიცირებული და სიკვდილის 1711 შემთხვევა.

აშშ-ში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, იტალიაში - ევროპაში კორონავირუსის ეპიცენტრში - ამ მომენტისთვის დადასტურებულია ინფიცირების 86 498 და სიკვდილის 9 134 შემთხვევა.

რუსეთში, ხელისუფლების ცნობით, შაბათისთვის ქვეყნის 166000 მოქალაქე იმყოფება სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ კორონავირუსის ნიშნების გამო. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ინფექცია დაუდასტურდა 1264 ადამიანს 26 რეგიონში. გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილს მოსკოვი სხვა დაავადებით ხსნის.

ამერიკა 1,1 მლნ დოლარს გადასცემს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად

„ამ თანხით დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სულ ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში მიიღო, 4 მილიარდ 348 მილიონ 400 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

2000-იან წლებში, ევროპასა და ევრაზიაში, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველო შეერთებული შტატების დახმარების მიმღები ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა. 2001-2007 წლების განმავლობაში, დახმარების ჯამმა 945 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წელიწადში, საშუალოდ, 135 მილიონი დოლარი.

2018 წელს, საქართველომ ამერიკისგან, არასამხედრო მიზნებისთვის, 70.8 მილიონი დოლარი მიიღო, 2019 წელს, ამერიკის კონგრესმა, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, საქართველოს 89.8 მილიონი დოლარი გამოუყო.

გიორგი გახარია: "ემიგრანტების დასაბრუნებლად არავის დახმარება არ გვჭირდება"

„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, უფასო ჩარტერული რეისებით დააბრუნოს სამშობლოში საქართველოს ათასზე მეტი მოქალქე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp მზად არის, 31 მარტიდან შეასრულოს ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი, თუმცა, ვაშიძის თქმით, ეს რეისები ვერ განხორციელდება საქართველოს მთავარობის შემხვედრი ნაბიჯების გარეშე:.

„ეს ყველაფერი კიევში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხელისუფლების ჩარევის, დახმარების და პასუხისმგებლობის გარეშე ამ ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საჭიროა დერეფანი, ფრენის ნებართვა, რასაც ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი იოლად გააკეთებს. საჭიროა საელჩოების და საკონსულოების მობილიზება, რომ შედგეს მოლაპარაკებები ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მივიღოთ ფრენების, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების, სამედიცინო კონტროლის ნებართვა და შედგეს სიები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მონაცემს მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. ან ვაკეთებთ ამ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, ან არადა ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და თავზე დაგვემხობა სახურავი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღეიდან თურქეთში წყდება საქალაქთაშორისო სარკინიგზო რეისები, იზღუდება ავიამიმოსვლა

შაბათიდან თურქეთში გაუქმდა საქალაქთაშორისო სარკინიგზო კავშირი და შეიზღუდა შიდა საავიაციო მიმოსვლა. ეს ზომები კორონავირუსის სწრაფი გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული. ამჟამად თურქეთში ინფიცირებულია 5608 ადამიანი, გარდაიცვალა 92.

Turkish Airlines-ის ხელმძღვანელმა, ბილალ ექსიმ განაცხადა, რომ შაბათს შუაღამიდან ადგილობრივი ავიარეისები განხორციელდება მხოლოდ 14 დიდ ქალაქს შორის. ეს ქალაქებია: ანკარა, სტამბოლი, იზმირი, სამსუნი, ტრაბზონი, ერზერუმი, დიარბაქირი, მალათია, ვანი, გაზიანტეპი, კონია, ადანა, ანტალია და კაისერი.

ექსის თქმით, მგზავრებმა გუბერნატორის ოფისში უნდა მოიპოვონ სათანადო ნებართვა.

პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი აკრძალვების შესახებ სატელევიზიო მიმართვაში აუწყა მოსახლეობას. სატრანსპორტო შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადებით დაწესდა.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 602 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 27 800-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 132 ათასამდე.

სამი თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით გურჯაანში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ი.ნ., რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

"გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა", - ვკითხულობს შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 თვის ჩვილის მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მოკლულია 3 თვის ჩვილი, ხოლო ბავშვის დედა დაჭრილია.

ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაული სავარაუდოდ ბავშვის მამამ ჩაიდინა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერიდან იყო ჩასული და სტუმრად ნათესავთან იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება მეუღლესთან მოუხდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.

დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

7 პირი დაჯარიმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, გამოავლინა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა მოქალაქეები მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებში.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი პირი, რომელსაც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით გადაჰყავდა მგზავრები ერთი რაიონიდან მეორეში.


გრიგოლ ვაშაძე: შეგვიძლია შევასრულოთ ოთხი უფასო ავიარეისი 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით, გამოიძებნა შესაძლებლობა, უფასო ჩარტერული რეისებით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც რეგულარული ავიამიმოსვლის გაუქმების გამო, ამას ვერ ახერხებენ.

როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp მზად არის 31 მარტიდან შეასრულოს ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი.

„27 მარტის 21.00 საათის მდგომარეობით მივიღეთ 2950 სატელეფონი ზარი და ფეისბუკშეტყობინება საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და უკიდურესად მძიმე ვითარებაში ჩარჩნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე, რომლის თქმითაც, გაკეთებულია საქმის 2/3: მოიძებნა უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს უფასო ჩარტერული რეისებით და მოძიებულია სახსრები, რომლებიც ამ სამაშველო ოპერაციას დასჭირდება.

„ეს ყველაფერი კიევში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხელისუფლების ჩარევის, დახმარების და პასუხისმგებლობის გარეშე ამ ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საჭიროა დერეფანი, ფრენის ნებართვა, რასაც ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი იოლად გააკეთებს. საჭიროა საელჩოების და საკონსულოების მობილიზება, რომ შედგეს მოლაპარაკებები ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მივიღოთ ფრენების, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების, სამედიცინო კონტროლის ნებართვა და შედგეს სიები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მონაცემს მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. ან ვაკეთებთ ამ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, ან არადა ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და თავზე დაგვემხობა სახურავი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად, ორი კვირით მოთავსდება საკანტინო ზონაში. როგორც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რამდენიმე სასტუმროს მეპატრონეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უსასყიდლოდ მიიღონ ჩამოსულები.

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა

„70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულებს ორ კლინიკაში მკურნალობენ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკარანტინო სივრციდან ექვსი მოქალაქე კლინიკაში, ვირუსის საეჭვო ნიშნებით მოათავსეს. მოქალაქეებს სინჯები უკვე აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

აჭარაში გახსნილია 12 საკარანტინო სივრცე, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა ასაკი

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა ასაკი.

„თავიდან, როცა დაიწყო კოვიდის გამოვლენები ჭარბობდნენ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტები. ბოლო ათი დღეა, შეიცვალა ასაკობრივი სპექტრი: 86 პაციენტში 60 წელს გადაცილებულია 6, 70 წელს გადაცილებულია 3 და 80-ს გადაცილებულია 2 პაციენტი. ასაკი ითვლება მაღალი რისკის ფაქტორად. შესაბამისად, ხანდაზმულეში დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

28 მარტის 11.00 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 85 ადამიანია დაავადდებული, თუმცა მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.

კორონავირუსით დავადებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დაავადების 46 შემთხვევა ინფექციურ საავადმყოფოზე, დანარჩენი 39 კი კოვიდის მიმღებ 6 დაწესებულებაზე მოდის.

„გვიან ღამით შემოგვემატა ერთი ახალი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელი იქნება ლაბორატორიული და სხვა სახის კვლევების შემდეგ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, რომლის თქმითაც, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაეწერა 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მკურნალობა კი უტარდება 33-ს, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მათგან ორის მდგომარეობა იძლევა იმედს, რომ დაიწყება გაუმჯობესება.

წინასწარი ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ პაციენტს სამსახურებრივად უცხოელებთან ჰქონდა შეხება.

ვებსაიტ topcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4641 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239. ამასთან, 85 დაავადებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა 14.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG