Accessibility links

სააკაშვილი: არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები - ყველამ დავუშვით შეცდომები


ციხიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

სააკაშვილმა უსაყვედურა „მთავარი არხის“ ტოკშოუს წამყვან ეკა კვესიტაძეს მერაბიშვილისთვის „არაკორექტულად დასმული შეკითხვისთვის“ და განმარტა:

„არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, ვთქვი, ყველამ, ჩვენ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასე არის, ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები".

სააკაშვილის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი 7 წელი იყო წამების პირობებში, რადგან, მისი თქმით, სამარტოო საკანი დიდი ხნით ყოფნა არის წამება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით.

„ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა. ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებასა და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: „ახლა გაძლევ დიდ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს. და, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. დაწერე, რომ სააკაშვილს, სადღაც, სხვადასხვა ქვეყნებში აქვს ანგარიშები“. მან დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა ამათ და ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე ეს ნაგვები, რომლებიც მას ამდენი ხანი ავიწროებდნენ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში შერიგების დროა.

„ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა შერიგების დროა. ახლა თანხმობის დროა. ტყუილად ეკითხებიან, ამ პარტიაში? იმ პარტიაში? ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის. არც ვიღაცაზე შურისძიების დროა“, - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე მის შესახებ თქვა: „ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი ხანი ზის იქ მხოლოდ იმიტომ, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ მის მიმართ მე მაქვს პირადი ვალდებულებების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ, იმ გადაცდომებსაც ვხედავ, რაც მაშინ ამ სისტემებში დაუშვეს“.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს „მთავარი არხის" ეთერში ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ. „რა თქმა უნდა, შევხვდები მიხეილ სააკაშვილს. ის ჩემი მეგობარია, მას მივიჩნევ საუკეთესო მეგობრად. მე ყველას აზრს მოვისმენ, გავიზიარებ, რჩევას მივცემ და შევეცდები, რომ ჩემი აზრი გავაზიარებინო. ჩვენ მეგობრებად დავრჩებით ყოველთვის და ვართ. ჩვენ [მე და მიხეილ სააკაშვილი] მეგობრები ვართ და მოვგვარდებით ყველა საკითხში. ჩვენს აზრებს თავისუფლად ვუზიარებთ ერთმანეთს“, - აღნიშნავს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG