Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ამერიკულმა დაზვერვამ კონგრესმენები გააფრთხილა, რომ რუსეთი საარჩევნო პროცესში ერევა


აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურმა პირებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილეს, რომ რუსეთი უკვე ერევა საარჩევნო პროცესში და დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის მხარდაჭერას ცდილობს. ამის შესახებ New York Times-ი წერს ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა კიბეროპერაციები დაიწყო ტრამპის მეტოქე დემოკრატიულ პარტიაში პირველადი არჩევნების ეტაპზევე, თუმცა, ამჯერად გაცილებით ფრთხილად მოქმედებს, სოციალურ ქსელებში აღარ ქმნის ყალბ გვერდებს და აშშ-ის ტერიტორიაზე არსებულ სერვერებს იყენებს.

New York Times-ის ინფორმაციით, 13 თებერვალს, სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე დახურული ბრიფინგი გამართეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებისთვის, რამაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააბრაზა და მეორე დღეს საყვედური გამოუცხადა ჯოზეფ მაგუაირს, რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ ასრულებდა ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობას.

New York Times-ის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბრიფინგს ესწრებოდა მისი იმპიჩმენტის პროცესის ინიციატორი დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი.

გამოცემა წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებისთვის ჩატარებულ დახურულ ბრიფინგზე სადაზვერვო სამსახურების ინფორმაცია სადავოდ აქციეს რესპუბლიკელებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პრეზიდენტს რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა აქვს და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს.

დაზვერვის კომიტეტში მოხსენება წარადგინა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის ჯოზეფ მაგუაირის მრჩეველმა შელბი პირსონმა. 20 თებერვალს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა მისი აქტიური მხარდამჭერი, გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ გრენელი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი მაგუაირის შეცვლას 13 თებერვლის ბრიფინგს უკავშირებს, თეთრ სახლში ორმა წყარომ განაცხადა, რომ ეს დამთხვევა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG