Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთიდან ევაკუირებულ უკრაინელებს საპროტესტო აქციით დახვდნენ


საპროტესტო აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ პოლტავის ოლქის დასახლება ნოვიე სანჟარიში
საპროტესტო აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ პოლტავის ოლქის დასახლება ნოვიე სანჟარიში

უკრაინის პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა პოლტავის ოლქის დასახლება ნოვიე სანჟარიში, სადაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ადგილობრივ სანატორიუმში ჩინეთიდან ევკუირებული უკრაინელების მოთავსებას. მათ კორონავირუსით შესაძლო დაავადების გამო, ორკვირიანი კარანტინი სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაიარონ.

რაიონის მცხოვრებთა საპროტესტო აქცია 20 თებერვალს დაიწყო. მათ სანატორიუმისკენ მისასვლელი გზები გადაკეტეს, ბარიკადები აღმართეს და ქვები დაუშინეს ავტობუსებს, სადაც ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსაც. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა სამი სამართალდამცავი.

საპროტესტო გამოსვლები დაგმო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებები უკრაინელების არცთუ კარგ თვისებებს აჩვენებს.

ჩინეთიდან ევაკუირებულთა წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების გამო, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ზორიანა სკალეცკაიამ გადაწყვიტა, რომ ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში მათთან ერთად იცხოვრებს.

20 თებერვალს ჩინეთიდან უკრაინაში თვითმფრინავით ჩაიყვანეს 72 ადამიანი - 45 უკრაინელი და 27 უცხოელი. მათი კარანტინისთვის უკრაინის მთავრობამ შეარჩია ნოვიე სანჟარიში მდებარე სამედიცინო ცენტრი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. დაწესებულებას გაძლიერებულად იცავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG