Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინამ დაგმო საქართველოზე რუსეთის კიბერშეტევა


უკრაინა შეუერთდა საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოზე რუსეთის კიბერთავდასხმის დაგმობას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს.

უკრაინა რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების და სამთავრობო ინსტიტუტების წინააღმდეგ განახორციელა არაერთი ძლიერი კიბერთავდასხმა. კიევში განსაკუთრებით ცინიკურს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ რუსეთი ცდილობს საერთაშორისო არენაზე გაიტანოს კიბერსივრცის მშვიდობიანი გამოყენების ინიციატივები. უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ყველა ზომა გამოიყენოს გლობალურ კიბერსივრცეში უკანონო საქმიანობის კოორდინატორი და დამფინანსებელი პირების და სახლმწიფოების გამოსავლენად და დასასჯელად.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

რუსეთმა ამ ბრალდებას უწოდა სინქრონული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც არანაირი მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG