Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კიბერშეტევაზე: საქართველოში არ სურთ რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმის შესახებ, რაშიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის „გრუ“ დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო უწყება გავრცელებულ ცნობას დაუსაბუთებელს, პოლიტიკურად მოტივირებულსა და აშკარა დადგმულს უწოდებს.

„საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი ევროპული ქვეყნების რუსეთის მისამართით ბრალდებებთან დაკავშირებით, „ფართომასშტაბიანი კიბერშეტევების“ შესახებ ქართულ ინტერნეტგვერდებზე, სერვერებსა და საოპერაციო სისტემებზე, გვსურს შემდეგი განვაცხადოთ: სახეზეა დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა დადგმული ინფორმაციის გავრცელება. არავითარი მტკიცებულება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ელექტრონულ ქსელებში დამაზიანებელი მონაწილეობის შესახებ არ არსებობს და არ შეიძლება იყოს.

ყურადღებას იქცევს სინქრონიზებული პროპაგანდისტული აქცია, რომელიც მოწყობილია ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვათა მიერ. ოთხი თვე დასჭირდა რუსეთის ინციდენტში მონაწილეობის დადგენას, რომელიც, თითქოსდა, გასული წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება კვლავაც წამოსულია „highly likely“-ის ფარგლებში.

სამწუხაროა, რომ თავად საქართველოში არ სურთ რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმა, შარშანდელი კრიზისიდან დასკვნის გამოტანა. ეს ყველაფერი დამატებით ჩრდილს აყენებს ისედაც არცთუ მარტივ ურთიერთობებს. კვლავაც დარწმუნებულები ვართ, არსებული უთანხმოებების გადალახვა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის ძირეულ ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობს ძალები, რომლებსაც ეს სრულიად არ აძლევთ ხელს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG