საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ საგარეო უწყება მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მოჰყვა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის გამოაშკარავებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გუშინვე, 20 თებერვალსვე გააკეთა და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის აქტი:
„ჩვენი განცხადების შესაბამისად, როდესაც მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასებები გაკეთებულიყო, ამას მოჰყვა დაუყოვნებლივი, მკაცრი და ადეკვატური რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გუშინვე, მყისიერად 20-მდე ქვეყანამ გააკეთა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები და დაგმო გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელებული სახიფათო აქტი. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო მარტო არ არის ამ მძიმე გამოწვევებთან ბრძოლაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად არამხოლოდ ეროვნულ დონეზე. მისი განმარტებით, ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავება სულ უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით უნდა მოხდეს.
20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.
2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტმა 20 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად მოტივირებული და აშკარად დადგმული უწოდა.
დაწერეთ კომენტარი