Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს მინისტრს ჯერ არ აქვს პასუხი, დაიწყება თუ არა გამოძიება რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმაზე


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არ აკონკრეტებს, დაიწყება თუ არა სამართლებრივი დავა და გამოძიება რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

„მაგას გადავწყვიტავთ. ეხლა ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს, დავიწყებთ გამოძიებას, თუ არ დავიწყებთ“, - უთხრა ბათუმში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს, რუსეთთან სამართლებრივი დავის და გამოძიების დაწყების შესახებ.

20 თებერვალს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო დაადანაშაულა 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, საკრებულოების და სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში.

28 ოქტომბერს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

მედიის დღევანდელ შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია ახალი კიბერშეტევა წინასაარჩევნო პერიოდში და აფასებს თუ არა უკვე განხორციელებულ თავდასხმას ჰიბრიდულ ომად, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ოცდამეერთე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია სამწუხაროდ, მსოფლიოში. არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ბრიტანეთია, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ტექნოლოგიები ვითარდება. ის, რომ არ მოხდება, ჩვენ პრევენციას გავაკეთებთ და ეს დაიხურება მთლიანად და საფრთხე არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მოვიტყუები, ეს რომ ვთქვა“.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა მეტი კონტროლი იყოს კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად, ან თუ მოხდება, „მოხდეს იქვე ჩაკეტვა და სივრცეში არ შემოვიდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის შეკითხვებს უპასუხა ბათუმში, სადაც დღეს, 21 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი ბინები გადაცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2018 წელს დაღუპული პოლიციელის, ბუტა ანთაძის ოჯახს და 2019 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ ორ პოლიციელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG