Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი რუმინელი მოქალაქე აღმოჩნდა გერმანიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის


კლაუს იოჰანისი
კლაუს იოჰანისი

გერმანიის ქალაქ ჰანაუში რასისტ ტობიას რ.-ს მიერ დახოცილ 9 ადამიანს შორის ერთი რუმინელი აღმოჩნდა. ცნობა ამის შესახებ ტვიტერში გამოაქვეყნა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა.

რუმინული მედიის ცნობით, მოკლული ახალგაზრდა, 23 წლის ვიორელ პაულნი, წარმოშობით რუმინეთის ქალაქ ჯურჯუდანაა.

გერმანიის პროკურატურის თანახმად, 43 წლის გერმანიის მოქალაქემ 19 თებერვალს ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი და 9 კაცი დახოცა - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ. ცნობილია, რომ დაღუპულთაგან ხუთი თურქეთის მოქალაქე იყო. ექვსი ადამიანი დაიჭრა.

ბოროტმოქმედი ტობიას რ., პოლიციის წინასწარი დასკვნის თანახმად, ულტრამემარჯვენე შეხედულებებისა იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა.

გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის თქმით, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ბოროტმოქმედმა ინტერნეტში განათავსა რასისტული ვიდეო და „მანიფესტი“ ქსენოფობიური შეხედულებებით. გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის მუხლით.

თავად თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა და მანამდე კი თავისი 72 წლის დედა მოკლა. მათი გვამები ჰანაუში, მათ ბინაში იპოვეს. ამგვარად, მთლიანობაში 11 ადამიანი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG