Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ


მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი.

გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავის დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს - განათლება, მედიცინა ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენობა გადაეცემოდა შსს-ს, რომელიც იქ დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში დაასრულა მუშაობა ქალაქ ქუთაისში, რომელიც კონსტიტუციით 2012 წლიდან იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი.

პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივა იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 16 დეკემბრიდან, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტით, მისი ადგილსამყოფელია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის 340 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG