საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არასერიოზული უწოდა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების დამხობის შესახებ.
მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებზე მედიის მიერ, ბათუმში დასმული შეკითხვის პასუხად, გომელაურმა თქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ მიუსაჯა: „და გამოვიდა. მეტი მე არ დავიწყებ საუბარს ვანო მერაბიშვილზე, რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც აღმასრულებლის, ასევე საკანონმდებლო წარმომადგენლების მხრიდანაც“.
ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ მისცეს „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე პასუხისგებაში ვანო მერაბიშვილის გარდა სხვა პირები, მაგალითად, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ე.წ. ორი გვამის ვიდეოკადრებში ჩანს და ამჟამად სუს-ში, თანამდებობაზე მუშაობს, გომელაურმა უპასუხა: „და ხოჯევანიშვილმა რა გააკეთა?! იქ ძალიან ბევრი ადამიანი დგას, სპეცდანიშნულების რაზმის ოპერატიული თანამშრომლები. იქ რაც ხდებოდა, გვახსოვს, მაგრამ ვინ რა ბრძანება გასცა, ეს სხვა თემაა. მე რომ ბრძანებას გავცემ, ვთქვათ, უკანონოს, მე უნდა დავისაჯო და არა თქვენ ყველა, ვინც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა?!“
შეკითხვაზე, დაზუსტებით იცის თუ არა, რომ ხოჯევანიშვილმა ბრძანება არ შეასრულა, გომელაურმა განაცხადა: „დაზუსტებით ვიცით, რა თქმა უნდა. რომ არ ვიცოდეთ, მე მგონი, ეხლა უშიშროებაში არ იმუშავებდა ხოჯევანიშვილი“.
2009 წელს, ხელისუფლების მიერ „მუხროვანის ამბოხების“ აღკვეთილად გამოცხადების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი სჭირდება.
2020 წლის 20 თებერვალს, საპატიმროდან გათავისუფებულმა მერაბიშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ „ორი გვამის ამბავი, რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული“.
დაწერეთ კომენტარი