Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა "ოცნებასთან“ დიალოგის შესაძლებლობაზე: მოლაპარაკებების მაგიდა ივანიშვილმა ააყირავა


თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა ბიძინა ივანიშვილმა „ააყირავა“:

„ბიძინა ივანიშვილმა ააყირავა მოლაპარაკებების მაგიდა, როდესაც მან ერთი ხელით თითქოსდა მიგვიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან და მეორე ხელით დააპატიმრა გიგი უგულავა და დააანონსა სხვა დაჭერები. ასეთი რამ დიპლომატიის არც თეორიაში და არც პრაქტიკაში არ არსებობს, რომ ადამიანი თან გიჭერდეს და თან მოლაპარაკების მაგიდასთან გეპატიჟებოდეს“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლება „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რეალურ დათმობაზე წავა.

„მათ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა რაიმე დათმობა და სურთ თუ არა, სიტუაცია გამოიყვანონ კრიზისიდან“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მორიგი შეკრების დაწყების წინ. მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება შეთანხმება თბილისის საარჩევნო ოლქებში ოპოზიციური კანდიდატების წარდგენის პრინციპის შესახებ:

„ოპოზიციის ამოცანაა, რომ 22 ოლქში იყოს სრული შეთანხმება, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კანდიდატებს არ დაუყენებენ და ამით არ წაართმევენ ერთმანეთს ოპოზიციურ ხმებს. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ერთი საერთო ფრონტი არსებობდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შემდეგ არჩევნებში, როცა არ უნდა იყოს ეს - იქნება ეს ვადამდელი თუ დაგეგმილი არჩევნები შემოდგომაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება და გავრცელდება არა მხოლოდ თბილისის ოლქებზე, არამედ რეგიონებშიც.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით "ლეიბორისტულ პარტიაში" გაკეთდა განცხადება, მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG