Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია: სოფიო ქაცარავა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე და არანაირი შეხედულებები არ აქვს


„ეს დანიშვნები არის კომბინაცია პირადი, პოლიტიკური და პერსონალური სირცხვილის, მაგალითად, ქალბატონი ქაცარავასი, რომელიც თითქოს პოლიტიკური პროტესტის გამო გადადგა და მერე დაინიშნა ამ ტიპის თანამდებობაზე“, - თქვა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავას დანიშვნის შესახებ.

ბოკერიას შეფასებით, სოფიო ქაცარავა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კომფორტზე და არანაირი შეხედულებები არ აქვს, გარდა რაღაც მეგობრული დისკომფორტისა იმ ხალხთან, ვისთან ერთადაც იყო პარლამენტში.

„სირცხვილია, მაგალითია იმისი, რა ტიპის ფიგურებს და ბიუროკრატებს ახალისებს ეს რეჟიმი“, - დასძენს ბოკერია.

რაც შეეხება ლევან იზორიას დანიშვნას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, როგორც ბოკერია ამბობს, იზორიას შემთხვევა განსაკუთრებული პრობლემაა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„ამ ტიპის სკანდალებში გახვეული, ნულოვანი ხედვის მქონე დისკრედიტებული ადამიანის საკვანძო ქვეყანაში დანიშვნა არის ხელწერა ივანიშვილის რეჟიმის, რომელსაც აინტერესებს შიდა ნეპოტისტური დალაგებები: იქიდან გაწიეს, აქ რაღაც უნდა მისცენ, ვინ არის ერთგული... არ ხელმძღვანელობენ იმით, ქვეყნის ინტერესებს გრძელვადიანად ვინ წაწევს წინ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ეს კიდევ ერთი სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო მავნებლური მაგალითია“, - აღნიშნავს ბოკერია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა.

სოფიო ქაცარავამ 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა ჩააგდო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ქაცარავას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ორი ელჩის დანიშვნის შესახებ იტყობინება. საბერძნეთის რესპუბლიკაში - დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკვე ოფიციალურად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG