Accessibility links

ახალი ამბები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ ირანელ მოზარდს პნევმონია არ აღმოაჩნდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ მოქალაქეებს A და B ტიპის ვირუსები არ აღმოჩნდათ, ახალ კორონავირუსზე ტექსტირების პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში განთავსებული 3 მოქალაქიდან ტემპერატურის მატება 8 და 13 წლის მოზარდებს აღენიშნებათ, დედა კი ამ დროისათვის ჯანმრთელადაა. მისი განმარტებით, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოზარდებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა:

„აეროპორტში ამ სამი პირიდან ორს ტემპერატურა დაუფიქსირდა, სამივე მათგანი ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენს ცენტრში პაციენტებად გაფორმდნენ მხოლოდ ბავშვები, 8 წლის და 13 წლის ბიჭები. ჩატარებული გამოკვლევებით, ორივესთან გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშომლები ტესტირებას ჩაატარებენ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე. A და B ტიპის გრიპის ვირუსები გამოირიცხა. ამ ეტაპზე ეს პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით გადიან. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან აუცილებელი არ არის. რაც შეეხება დედას, ის ინფიცირებული არ არის, თუმცა მეთვალყურეობას ისიც გადის“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

ირანის სამი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. ქალი და ორი მოზარდი დედა და შვილები არიან. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ისინი არიან ირანის ქალაქ ყომიდან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო დაჯარიმდა 158 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით:

  • 121 მოქალაქე დაჯარიმდა კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,
  • 4 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2 მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო
  • 2 პირი დაჯარიმდა თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის
  • 31 პირი დაჯარიმდა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტებზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულია 46.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ანტიკრიზისული ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე

ევროჯგუფის შეხვედრა. 2018 წლის ფოტო.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც 8 აპრილის დილით დასრულდა, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ევროპული ქვეყნების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე.

„16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ახლოს ვართ მასთან“, - აღნიშნა ევროჯგუფის პრეზიდენტმა, მარიო სენტენომ და დასძინა, რომ ევროჯგუფის მინისტრები 9 აპრილსაც განაგრძობს მსჯელობას ამ საკითხის განმავლობაში.

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა 7 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაიწყეს მსჯელობა ევროპის იმ ქვეყნების ეკონომიკური დახმარების პროგრამაზე, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ კორონავირუსის პანდემიით.

განხილვის საგანია ე.წ. უსაფრთხოების ბადე, რომლის მოცულობა ნახევარი ტრილიონი ევროა.

აზრთა ყველაზე დიდ სხვადასხვაობას იწვევს „კორონაობლიგაციები“, რაც ევროკავშირის მოსახლეობიდან სესხის აღებას გულისხმობს.

ამას მხარს უჭერენ სამხრეთის ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა - იტალია და ესპანეთი. ამ იდეას ემხრობა საფრანგეთი. მაგრამ „კორონაობილიგაციების“ იდეას უარყოფენ გერმანია, ნიდერლანდი, ავსტრია და ფინეთი, რომლებიც შიშობენ, რომ საბოლოოდ ეს ინდივიდუალური სახელმწიფოების ვალების განაწილებას გამოიწვევს.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს

გიორგი ჭიღვარია

ქუთაისის მერიაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი განცხადებას გადადგომის შესახებ დღეს დაწერს.

ამ დროისათვის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები, გიორგი ჭიღვარიას შესაძლო გადადგომის მიზეზებზე ჯერ არ საუბრობენ და განცხადების გაკეთებას მოგვიანებით, მოვლენების განვითარების შესაბამისად აპირებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გიორგი ჭიღვარია შიდაპარტიულ და კლანურ დაპირისპირებას ეწირება.

გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს,(მეორე ტური) 87,95 %-ით აირჩიეს. მისმა კონკურენტმა, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

გიორგი ჭიღვარია პროფესიით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიკოსია, იგი არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მერად არჩევამდე გიორგი ჭიღვარია მუშაობდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, არის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში განთავსებული 13 პაციენტიდან საყურადღებოა ერთის მდგომარეობა

მაკა სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს. კლინიკას გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი პაციენტი არ შემატებია.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, ზოგადად პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და 13-დან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო:

“ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. კრიტიკული პაციენტი ჩვენ არ გვყავს,“ - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია: მძიმე პნევმონია 2 პაციენტს აქვს

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის მძიმე პნევმონია 2 პაციენტს აღენიშნება. ამის შესახებ განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით, დინამიკაში პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება:

„გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით 2 გვრჩება კვლავ მძიმე პნევმონიით. თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და ალბათ იმედი მაქვს, რომ ერთ ორ დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი პაციენტი 70 წელს გადაცილებულია

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 13 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ორივე შემთხვევა არის ეროვნულ ბანკთან მყოფი კონტაქტები და ორივე ინფიცირებული 70 წელსაა გადაცილებული:

„ერთ-ერთ მათგანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ამიტომ ორმაგი რისკია ერთგან, ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით, მეორეს მხოლოდ ასაკი. ეს პაციენტები გუშინ დღის მეორე ნახევარში მოთავსდნენ ჩვენთან და მაშინ დადასტურდა. ახლა გაფართოებული კვლევები ჩატარდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

8 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 3 გარდაიცვალა და 46 უკვე გამოჯანმრთელდა.

COVID-19 დაუდგინდა უცნობი წყაროთი ინფიცირებულ ბათუმელ პაციენტთან კონტაქტის მქონე 5 პირს

საქართველოში COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 12 ახალი შემთხვევიდან, რომლის შესახებაც ცნობილი დღეს დილით გახდა, 5 აჭარაში დაფიქსირდა.

ხუთივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა ბათუმელ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა და ამჟამად კლინიკა "მედალფაში" იმყოფება. თავად ამ პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებამდე ქალს კონტაქტები ჰქონდა ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებსაც მუცლის არეში ტკივილის და დიარეის გამო მიაკითხა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მამის ოჯახში იმყოფებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 8 აპრილს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტირებული პირი, რომელთაგან 17 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელია, 20 კი - ოჯახური კონტაქტი.

ლაბორატორიული კვლევისთვის პირველ ეტაპზე აიღეს 16 ნიმუში და მათგან 5 შემთხვევაში COVID-19 დადასტურდა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 5-დან ორი ოჯახური კონტაქტია, სამი კი - სამეზობლოს კონტაქტი. ინფიცირებული ქალის მამას და დას, თავის მხრივ, კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის სამედიცინო ცენტრთან.

„სამედიცინო პერსონალს შორის დადასტურება არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულ პირთა სია სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ როგორც ოჯახებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე ქობულეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტთა მიღება არის შეწყვეტილი და გაფართოებული რაოდენობის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში, ან კარანტინში არიან ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ქალს. შეისწავლიან ხუთ ახალ პაციენტთან კონტაქტში მყოფ სამედიცინო პესრონალსაც და მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის შესაბამისი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

საქართველოში 200-ს გადააჭარბა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა.

ამ სახეობის კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 208-ს მიაღწია. მათგან 46 უკვე გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

8 აპრილის 9:30 საათის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, ამ კვირის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვი 350-400-ის ფარგლებში იქნება.

ამერიკელი მაღალჩინოსანი გადადგა ატომურ ავიამზიდზე კორონავირუსის სკანდალის გამო

თომას მოდლი

თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თომას მოდლი, რომელიც სკანდალში აღმოჩნდა ატომურ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზე“ კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შემდეგ.

მოდლიმ ავიამზიდის კაპიტანი ბრეტ კროზიე გასულ კვირაში დაითხოვა მას შემდეგ, რაც გემზე კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალურ პირებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მედიითაც გავრცელდა.

კაპიტანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ატყობინებდა, რომ ავიამზიდზე კორონავირუსის აფეთქებაა და მეზღვაურების ევაკუაციას მოითხოვდა. კროზიე წერდა, რომ მეზღვაურები ომში არ არიან და არ უნდა იღუპებოდნენ.

თავის მხრივ, თომას მოდლიმ მიიჩნია, რომ კაპიტანმა ვერ უზრუნველყო, რომ წერილის შინაარსს არ გაეჟონა, არასაჭირო პანიკა შექმნა და კრიზისის დროს სიტუაციის შეფასების ცუდი უნარი გამოავლინა.

ატომური ავიამზიდი „თეოდორ რუზველტი“ კუნძულ გუამის პორტში იმყოფება. ეკიპაჟში 4000-ზე მეტი წევრია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, 230 მეზღვაურს COVID-19 უკვე დაუდასტურდა. ინფიცირებული აღმოჩნდა ყოფილი კაპიტანი ბრეტ კროზიეც.

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ აცილებს ეკიპაჟის ასეულობით წევრი ტაშით მათ ყოფილ კაპიტანს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ჯეიმს მაკფერსონი დანიშნა. ესპერის განცხადებით, თომას მოდლი თანამდებობიდან გადადგა საკუთარი სურვილით და სამხედრო-საზღვაო ძალების და „თეოდორ რუზველტის“ მეზღვაურების ინტერესებიდან გამომდინარე.

თავდაცის მინისტრმა ისიც თქვა, რომ შეხვდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელებს და პრიორიტეტებად განუსაზღვრა ეკიპაჟის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ღია ზღვაში გემის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება.

COVID-19-ის ეპიდემიის პირველი კერა - ქალაქი უჰანი გაიხსნა

უჰანი

ჩინეთის ხელისუფლებამ შესასვლელები და გზა გახსნა ჰუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჰანში, რომელიც 23 იანვრიდან ჩაკეტილი იყო კორონავირუს COVID-19-ის ეპიდაფეთქების გამო.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო სწორედ უჰანიდან, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კარანტინის რეჟიმის გაუქმების და ქალაქის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში უჰანში აღარ ყოფილა COVID-19-ის არცერთი ახალი შემთხვევა.

სააგენტო AP-ს ინფორმაციით, ქალაქის გახსნიდან მალევე უჰანი დატოვა 65 ათასამდე ადამიანმა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების გარეშე ქალაქიდან არ გაემგზავრონ, რადგან თეორიულად შესაძლებელია ეპიდემიის მეორე ტალღა.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა 81 800-ზე მეტი ადამიანი. მათგან 50 000-ზე მეტი უჰანში. ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი 3 300-ს აჭარბებს.

ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ამ დროისთვის სულ დაავადდა 1 400 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 82 000-ს აჭარბებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები, რომელსაც COVID-19 აქვს, მოსკოვში იმყოფებოდა

სოხუმი. 2020 წლის 6 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს, გაგრელია და ცოტა ხნის წინ მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა. მისი ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დე ფაქტო ხელისუფლებამ 7 აპრილს, საღამოს გამოაცხადა, რომ აფხაზეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა.

დღეიდან, 8 აპრილიდან დაიკეტა რუსეთთან ე.წ. საზღვარი მდინარე ფსოუზე. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიერ 7 აპრილს ხელმოწერილი განკარგულებით, „საზღვარი“ დაიხურა ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, გარდა დიპლომატების, რუსი სამხედროების და მესაზღვრეების და მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ.

27 მარტიდან აფხაზეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. დაკეტილია რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აკრძალულია მასობრივი შეკრება და მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტებისგან და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იუწყება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დემონსტრაციულად ირღვევა. მისი ინფორმაციით, 7 აპრილს ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა სოხუმის საკათედრო ტაძარში. ხალხმრავლობაა სოხუმის დაკეტილი აგრარული ბაზრის გარშემო, სადაც ინტენსიური ვაჭრობა მიმდინარეობს. სოციალური ქსელებით ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებულები სავალდებულო კარანტინის გარეშე სახლში ბრუნდებიან.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ვერც საკოორდინაციო და ვერც ოპერატიული შტაბებისგან ვერ მიიღო პასუხი, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვას. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განუცხადეს, რომ ხალხს აფრთხილებენ.

ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.

NATO-ს ოთხი ხომალდი ფოთის პორტში ერთობლივი წვრთნებისთვის შემოვიდა

ფოთის პორტში NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი შემოვიდა. ესენია: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კი შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში NATO-ს ხომალდებს შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მასპინძლობს.

შსს-ს ცნობით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები „ოჩამჩირე" [P23] და „დიოსკურია" [P25] და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია NATO-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

როგორც პრესრელიზში ვკითხულობთ, შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

„შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე NATO-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას“, - აცხადებს შსს.

NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2019 წლის განმავლობაში NATO-ს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

ამირან გამყრელიძე კერძო სექტორს მოუწოდებს ტესტების შემოტანაში მეტად იაქტიუროს

„ტესტებზე, რომელიც 15-20 წუთში იძლევა პასუხს (ანტისხეულებსა და ანტიგენზე დამყარებული ტესტები), მათზე შეკვეთა არის გაკეთებული, ათეულ ათასობით მარაგისა. ამაზე სახელმწიფო მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში იქნება“, - თქვა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ პირდაპირი ეთერის დროს.

გამყრელიძემ, აგრეთვე ახსენა გასულ კვირას დამტკიცებული ლაბორატორიული ტესტირების ახალი ალგორითმი, რომლითაც, მისი აზრით, ტესტირება ხელმისაწვდომი იქნება. ის კერძო სექტორსაც მიმართავს: „გარდა სახელმწიფო ლაბორატორიებისა, კერძო სექტორს ხშირად მოვუწოდებთ, რომ მათ მეტი უნდა იაქტიურონ, მათ შორის, ტესტების შემოტანაში. ქვეყანაში დარეგისტრირებულია, როგორც მე ვიცი, რამდენიმე დასახელების ტესტი, როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები. უფრო აქტიურად იმუშაოს კერძო სექტორმა. ახლა დგინდება სახელმწიფო ტარიფი თითო ტესტზე, იმიტომ, რომ ამის შემდგომ ანაზღაურებას აკეთებს სახელმწიფო, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი აღარ იქნება დიდი დისკუსიის საგანი“.

ახალი სახეობის კორონავირუსის დასადგენად საქართველოში სულ 3 457 ტესტია დახარჯული. კორონავირუსი სულ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 46 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.

გამყრელიძის ინფორმაციით, სოფლისა და ოჯახის ექიმებს მაღალი დონის კომპიუტერები ურიგდებათ

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რამდენი ოჯახის ექიმი გადამზადდა, მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ონლაინგადამზადება დაიწყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ გადამზადება მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს.

„ქვეყნაში არის 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2000-მდე ოჯახის ექიმი, ე.წ. ზოგადი პრაქტიკის ექიმი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ამზადებს მათ. უბრალოდ გამოყენებულია ჩვენი რესურსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ონლაინრესურსები გვაქვს, მხედველობაში მაქვს სხვადასხვა ინტერნეტჩართვის საშუალებები. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გლობალური ფონდის მხარდაჭერით შეიძინა ათასამდე მაღალი დონის კომპიუტერი, მასში სპეციალური გადამზადების პროგრამები ჩაიწერა და ძირითადად სოფლისა და ოჯახის ექიმებს ურიგდებათ. 300-400 გატანილია და მიმდინარეობს მათი მონტაჟი. ოჯახის ექიმთა, ზოგადი პრაქტიკის ექიმთა ასოციაცია, რომელთაც ეს ტრენინგები მიჰყავთ, ძალიან ინტენსიურად აწარმოებენ პირველ რიგში 24 პოლიკლინიკის... როგორც ვიცი, პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება ხდება და შემდგომ ისინი ამზადებენ სხვას. შეიძლება, ზუსტი რიცხვი ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ეს გადამზადებები მიმდინარეობს საკმაოდ მაღალი ინტენსივობით“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ტრამპი აცხადებს, რომ WHO "ძალიან არის ორიენტირებული" ჩინეთზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონლად ტრამპი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეტისმეტად აღმოჩნდა "ჩინეთზე ორიენტირებული" კორონავირუსის COVID-19-ის ეპიდემიის დროს.

თავისი ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ გაერკევა ამ ვითარებაში და, ამასთან, აღნიშნავს, რომ ორგანიზაციას ძირითადად აშშ-ი ინახავს. WHO-ს რეკომენდაციას ჩინეთთან საზღვრის ღიად დატოვების შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, „მცდარი“ უწოდა.

ამ განცხადების ფონია, კორონოვირუსის ეპიდემიაზე აშშ-ის პრეზიდენტის რეაქციის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა. ზოგიერთი ამერიკული მედია კერძოდ, წერს, რომ დონალდ ტრამპს სპეციალისტები ჯერ კიდევ იანვარში მოუწოდებდნენ მკაცრი ზომების მიღებისკენ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი მათ რეკომენდაციებს არ დაეთანხმა.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში 381 ათასს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ. ვირუსის შედეგად დაიღუპა თითქმის 12 ათასი პაციენტი. ყველზე მეტი დაინფიცირებული, დაახლოებით 139 ათასი ადამიანი, გამოვლინდა ნიუ-იორკის შტატში. დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ამ შტაშტი უახლოვდება 5,500-ს.

გამყრელიძე: კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის

მოახლოებულ ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ლიტურგიებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ხალხს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან და ინფექციასთან ბრძოლის. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიმოქმედოთ“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

ამირან გამყრელიძე შეზღუდვებს ასე განმარტავს: „კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, მაინც ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში (როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში), თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში. მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვასა და წირვაში. იგივე, რომ ჩვენ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი“.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი 65-ზე მეტი წლის პატიმრებს შეიწყალებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვიტა შეიწყალოს 65-ზე მეტი ასაკის პატიმრები, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ზომას ქვეყანაში კორონავირუსის პროგრესის შესაჩერებლად.

6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის საფუძველზე შეწყალება შეეხება 176 მსჯავრდებულს. პრეზიდენტის ამნისტიით საპატიმროს დატოვებს ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალი აკიფ კოვდაროვი, აზერბაიჯანის უშიშროების სამინსიტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კორუფციისა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2017 წელს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ილჰამ ალიევმა 6 აპრილს კიდევ ორი კვრიით, 20 აპრილამდე გააგრძელა ქვეყანაში შემოღებული კარანტინის წესები.

აზერბაიჯანში 7 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 717-ს აღწევს. აქედან 44-ი პაციენტი განიკურნა. 8 ავადმყოფი გარდაიცვალა.

გამყრელიძის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ჯამში 15-მდე ინფიცირებული გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ჯამში 12-დან 15-მდე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ ტემპერატურა 80-მდე ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 30 კი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ე.წ. მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ მკურნალობას. მათგან ერთი გარდაიცვალა.

მარნეული და ბოლნისი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაიკეტა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ვერ დგინდებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 196 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

გამყრელიძის თქმით, შემთხვევების რაოდენობა კვირის ბოლოს 350-400-ს მიაღწევს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ.

„ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400-ის ფარგლებში [შემთხვევების რაოდენობა]. ჩვენი გამოსვლების დროს აღინიშნებოდა, რომ ეს თვე (აპრილი) იქნებოდა საკმაოდ რთული. შემდგომ ყოველკვირეულ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება, იყოს გაორმაგება. აპრილი, მაისის პირველი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - აღნიშნავს გამყრელიძე. ის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენციას მძლავრი სოციალური დისტანცირების ინსტრუმენტებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველომ საკმაოდ ადრე და დროულად გადადგა და სწორედ, ამით არის განპირობებული დიდი ეპიდაფეთქების თავიდან აცილება.

ამირან გამყრელიძე სხვა მოდელებსაც შეეხო. „თუმცა არის სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება, იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ, ივლისში, ან სექტემბერში და ა.შ. ამაზე გარკვეული პერიოდულობით ჩვენთან იკრიბება ჯგუფი, ამაზე ვმსჯელობთ და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, დაესწროს ამ შეხვედრებს“, - თქვა მან.

გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, ყველაზე ცუდი პროგნოზით, როგორი შედეგები არის მოსალოდნელი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ აპრილის ბოლოს იქნება 1000-1200 შემთხვევა და ამავე დროს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ბევრად მოიმატებს.

„არ მოგახსენებთ ყველაზე რთული ვერიის შემთხვევაში, რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ერთდროულად", - დასძინა მან.

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ საქართველოში 46-ს მიაღწია. კორონავირუსი სულ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, გარდაიცვალა 3 ადამიანი. სულ 3 457 ტესტია დახარჯული. კარანტინის რეჟიმში 4 708 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

WhatsApp-ი შეზღუდვას აწესებს კორონავირუსზე ყალბი ცნობების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით

კორონავირუს COVID-19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, კომპანია WhatsApp-მა 7 აპრილიდან ხუთიდან ერთ კლიენტამდე შეზღუდავს ჩათში ყველა სახის ინფორმაციის გაცვლას.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად დღეიდან WhatsApp-ის მომხმარებელს უფლება ექნება კონტენტი ერთდროულად გაუზიაროს მხოლოდ ერთ ადამიანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დეზინფორმაციულ „ინფოდემიას“ უწოდებს კორონავირუსის პანდემიას, რომელსაც მსოფლიოში 70 ათასაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამაც აიძულა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები სოციალური მედიისათვის მოეწოდებინა უფრო ქმედითი ზომები მიეღო დეზინფორაციასთან საბრძოლველად.

კომპანია WhatsApp-ი, რომლის უფასო კომუნიკაციის სისტემას, მსოფლიოში 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საგრძნობლად იმატა შეტყობინებების რაოდენობამ. „ჩვენ გვესმის ასეთი შეტყობინებების გაგზავნის შემცირების მნიშვნელობა, რათა შევინარჩუნოთ WhatsApp-ი, როგორც პირადი მიმოწერის სივრცე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, WhatsApp-მა 2018 წელსაც მიმართა ასეთი შეზღუდვის დროებით ზომას მას შემდეგ, რაც მისი პლატფორმით გავრცელებულ ჭორებს მასობრივი ჩხუბი და ადამიანების დაღუპვა მოჰყვა ინდოეთში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება უკვე 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სულ 3 457 ტესტია დახარჯული. მათი ნაწილი ინფიცირებულ მოქალაქეთა ხელმეორედ გატესტვას მოხმარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეომ "ტერორისტულად" სცნო რუსული ულტრანაციონალისტური "იმპერიული მოძრაობა"

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „საერთაშორისო ტერორისტულ“ ორგანიზაციად სცნო რუსეთში დაფუძნებული, ულტრანაციონალისტურ ჯგუფი, "იმპერიული მოძრაობა", რაც წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მქადაგებელ ჯგუფს და მის სამ ლიდერს „ტერორისტების“ კვალიფიკაცია ენიჭება.

როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ჩვენმა ქვეყანამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს რასიზმი, ფანატიზმი და თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგია“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, 7 აპრილის სპეციალურ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული პროგრამის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა 6 აპრილს ამ ნაბიჯს "უპრეცედენტო" უწოდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას "უდანაშაულოთა სისხლით აქვს დასვრილი ხელები".

ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს "რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფის მიზნებში ასევე შედის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომელიც კონცენტრირებული იქნება, ჯგუფის აზრით რუსი ხალხის სამ განშტოებაზე - რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე. მოძრაობას წარმომადგენლობები აქვს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში და ნიჟნი ნოვგოროდში. ჯგუფის გასამხედროებული ფრთა, იმპერიული ლეგიონი, წევრებს წვრთნის საბრძოლო მეთოდებში.

ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში რუსული "იმპერიული მოძრაობის" შეყვანა მიმართულია იქით, რომ ტერორისტებს გამოაცალოს ყველა საჭირო რესური თავდასხმების მოსამზადებლად და მოსაწყობად. ბლიკირებული იქნება ამ ჯგუფისა და მისი წევრების არსებული ფინანსური აქტივები და ანგარიშები აშშ-ის ტერტორიაზე, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ რაიმე სახის გარიგებაში მონაწილეობა ამ ჯგუფის წევრებთან, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში.

სომხეთში წუხელ კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა გადააჭარბა დასნებოვნებულებს

სომხეთის პრემიერ-მინსიტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წუხელ სომხეთში კორონავირუსისგან განიკურნა 25 პაციენტი, ხოლო ინფექცია დაუდგინდა 20 ადამიანს, რაც პირველი შემთხვევაა ეპიდემიის განმავლობაში, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტი აღმოჩნდა დაინფიცირებულებისაზე.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გუშინ დილით ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ეს დინამიკა შენარჩუნდება, რაც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი ორშაბათიდან შეარბილოს კორ0ნავირუსთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვები.

7 აპრილისთვის სომხეთში კორონავირუსით დაავადებული 758-ი პაციენტი გადის მკურნალობას საავადმყოფოებში. განიკურნა 87, ხოლო კორონავირუსისგან გარდაიცვალა 8 კაცი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 46-ს მიაღწია. 7 აპრილს, 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 195 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4708 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა ვრცელდება

გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პაციენტს ახალი კორონავირუსით დაინფიცირება დაუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიულ შტაბთან დაახლოებული წყაროებისგან გავრცელდა.

აქამდე იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსზე გამოკვლევა 86 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

3 აპრილის მონაცემებით, ოკუპირებული გალიდან სამეგრელოში, ჯამში, 7 მოქალაქე გადმოვიდა, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. აქედან covid-19 მხოლოდ ერთს, სოფელ საბერიოს მკვიდრს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ჩავიდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქალს ზუგდიდში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ ცოტა 30 პირთან ჰქონდა კონტაქტი. სოხუმი ირწმუნება, რომ ყველა მათგანი შესწავლილია და ეს პირები იმყოფებიან კარანტინში. ამასთან, 31 მარტს, გვიან ღამით, ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ covid-19-ით დაავადებულ ქალთან. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG