Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდერსმა „ბანდიტი“ უწოდა პუტინს რუსეთის მხრიდან მის სასარგებლოდ ჩარევაზე ცნობის პასუხად


ბერნი სანდერსი
ბერნი სანდერსი

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების ერთ-ერთმა რეალურმა კანდიდატმა, სენატორმა ბერნი სანდერსმა, დაგმო რუსეთის მცდელობა ჩაერიოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კამპანიის სასარგებლოდ და „ბანდიტი“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.

სანდრესის ამ განცხადების ფონია „ვაშინგტონ პოსტში“, აშშ-ის დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში რუსეთი ერევა ბერნი სანდერსის სასარგებლოდ.

„გულახდილად ითქვას, არ მადარდებს, თუ ვისი გახდომა სურს [ვლადიმირ პუტინს] პრეზიდენტად. ჩემი მესიჯი პუტინისადმი მკაფიოა: ხელები შორს აშშ-ის არჩევნებისგან და ამას მისგან მე მივაღწევ, როგორც პრეზიდენტი“, - განაცხადა ვერმონტში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს 78 წლის ბერნი სანდერსმა.

მოახლოებულ არჩევნებში დონალდ ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე სავარაუდო მთავარმა ოპონენტმა ასევე დასძინა, რომ დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, იგი პუტინს მიიჩნევს არა „კარგ ადამიანად“, არამედ „ბანდიტად“, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას და ჩაახშოს განსხვავებული აზრი რუსეთში.

„ვაშინგტონ პოსტის“ 21 თებერვლის სტატიის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბერნი სანდერსს აცნობეს, რომ რუსეთი ცდილობს დაეხმაროს მის კამპანიას. დაზვერვისგან ასეთი ინფორმაციის მიღება დაადასტურა ბერნი სანდერსმა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე ასევე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მომავალ არჩევნებში რუსეთი ერევა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

New York Times-ის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურმა პირებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილეს, რომ რუსეთი უკვე ერევა საარჩევნო პროცესში და დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის მხარდაჭერას ცდილობს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ ცნობას უწოდა დემოკრატების მიერ წამოწყებული დეზინფორმაციის კიდევ ერთი კამპანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG