Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით ირანის 4 მოქალაქე მოათავსეს


თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს ღამით ირანის 4 მოქალაქე შეიყვანეს. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უთხრა ჟურნალისტებს, თბილისის აეროპორტში ჩატარებული შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა აღენიშნათ და სტაციონარში საჭვო შემთხვევის გამო გადაიყვანეს:

საეჭვო შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ კორონავირუსის ინფექცია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ტემპერატურის მომატება, დაუფიქსირდათ აეროპორტში და მაგიტომ მოიყვანეს. ესენი არიან მოქალაქეები ირანიდან. რამდენად ვიცი, ოთხივე თეირანი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოვიდა. ერთი მათგანი არის ახალგაზრდა ქალი, ხოლო სამი არის ახალგაზრდა ვაჟი. ოთხივეს აეროპორტში გეგმური შემოწმებით დაუდგინდა ტემპერატურის მომატება, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ოთხივე მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები ახლა ხვდებიან მათ. მიმდინარეობს მათთან გასაუბრება, შეხვედრა, კლინიკური გასინჯვა. მალე აუღებენ აგრეთვე სისხლის ანალიზებს. წინასწარი შედეგები იქნება ცნობილი დღეს გვიან, ხოლო საბოლოო პასუხები ახალი კორონავირუსის ინფექციაზე იქნება ხვალ, საღამოს საათებში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შესაბამისად, ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა ირანის 3 მოქალაქეს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 თებერვალს მოათავსეს.

ირანში ხუთს მიაღწია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, მთლიანად კი ქვეყანაში სახიფათო ვირუსით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეწყდება თუ არა ირანთან პირდაპირი რეისები საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ახალი კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უთხრა. მისი განმარტებით, საბჭო შესაბამის საკითხზე უკვე ორი დღეა მსჯელობს.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს სთხოვს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG