Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას უარყოფს


ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უარყოფს, რომ პარლამენტში მისვლას თავი აარიდა და აცხადებს, რომ მთავრობის იმ წევრებს შორისაა, ვინც პარლამენტში ყველაზე მეტჯერ იმყოფებოდა. მაჭავარიანმა მედიას განუმარტა, რატომ არ დაესწრო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომას, რომელზეც ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ დაიბარეს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატით ვრცლად ილაპარაკა იმ თემებზეც, რომელთა გამო კომიტეტში მიიწვიეს.

„მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ, მივიდე, თუმცა, ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად - სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად, მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი, ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ვინც მის მიერ პარლამენტის უპატივცემულობაზე ლაპარაკობს, შეუძლია სტატისტიკა ნახოს: „ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. გინდათ, ბოლო ექვსი თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში?! ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“.

ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ზოგიერთები პარლამენტის რეგლამენტს სხვა მიზნებით იყენებენ: „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად, და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG