Accessibility links

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება

მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ არსებობს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რესურსი. მისი აზრით, რას უფრო ახლოვდება საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დრო, მით უფრო მეტია შანსი, რომ ოპოზიცია დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. „ეს ჭირვეულობა, ჩემი აზრით, დამთავრდება ოპოზიციის“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

„ეხლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. იგი თავის მხრივაც მოუწოდებს ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ:

„სულ რამდენიმე დღე რჩება და მე ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ დავსხდებით. ფორმალურად ერთ მაგიდასთან ვისხდებით, თუ ჩვენი უცხოელი კოლეგების, დიპლომატების მეშვეობით ვერსიებს და სხვადასხვა წარმოდგენებს გავცვლით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოხდეს შეთანხმება და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყველანი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საქმეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, თებერვლის შემდეგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა აღარ იქნება და ამიტომ მოუწოდებს ოპოზიციას, დააფიქსიროს „ქართული ოცნების“ ვერსიაზე პასუხი და წარადგინოს თავისი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი ჩატარდა. დიალოგი მხარეებს შორის 2019 წლის 20 დეკემბრის შემდეგ აღარ გამართულა.

უზენაესი სასამართლოს მიერ "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნისთვის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ 10 თებერვალს ოპოზიციური პარტიების სახელით "ლეიბორისტულ პარტიაში" გაკეთდა განცხადება, მმართველ ძალასთან დიალოგის შეწყვეტის შესახებ.

24 თებერვალს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დიალოგის გაგრძელების პირობად კვლავ დაასახელეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და დაკავებული პირების გათავისუფლება.

ყველა ახალი ამბავი

„ვიშეგრადის ოთხეული“ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა

„ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნები (V4) დააფუძნებენ სოლიდარობის პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთათვის დასახმარებლად COVID-19-თან ბრძოლაში და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელშესაწყობად, რათა მათ ეტაპობრივად შეძლონ ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომის მოპოვება.

ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავლის შესახებ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კვარტეტმა განაცხადა, რომ ისინი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფარგლებში აამოქმედებენ „ვიშეგრადის ოთხეულის საგანგებო პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის“. პროგრამას ექნება გამარტივებული პროცედურა და მისი მიზანია „გააძლიეროს ჯანმრთელობა, სოციალური და ეკონომიკური გამძლეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც დაზარალდნენ COVID-19-ით და მისი შედეგებით“.

„ვიშეგრადის ოთხეულმა“ განაცხადა, რომ პროგრამისთვის გათვალისწინებულია 250 ათას ევრომდე გამოყოფა.

განცხადება არის პასუხი ევროპის კომისიის გასული თვის შეტყობინებისა აღმოსავლეთის პარტნიორობის თაობაზე.

აღმოსავლეთის პარტნიორობას 2009 წელს დაედო საფუძველი. მასში გაწევრიანებული არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მისი მიზანია, ევროკავშირთან დააახლოოს ეს ქვეყნები ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება არ შეიცავს ევროკავშირის მომავალი წევრობის მოწოდებას, მაგრამ მასში ნათქვამია: „აღმოსავლეთის პარტნიორების პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ჩვენს მთავარ მიზნად რჩება“.

ოთხეული მხარს უჭერს ასევე „ჩვენი პარტნიორების ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივ წვდომას ორმხრივად სასარგებლოდ მიჩნეულ დონემდე ჩვენი პარტნიორებისთვის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის“.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება ნაწილი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ დებატებისა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ აპრილის ბოლოს. ასევე ის ყურადღების ცენტრში იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 18 ივნისისთვის არის დაგეგმილი ბრიუსელში, თუმცა შესაძლოა გადაიდოს პანდემიის გამო.

5 და 7 წლის გოგოების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც 5 და 9 წლის არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.

პროკურატურის თანახმად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ დანაშაული 2019 წლის 27 ივლისს, თბილისში ჩაიდინა. იგი იმავე წლის 29 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

მუხლი ითვალისწინებს გარყვნილ ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის, 16 წელს მიუღწეველი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურის თანახმად, არასრულწლოვანი დაზარალებულები როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე, ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიკითხნენ.

თეა წულუკიანი: ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე. ამ საკითხზე მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არ უნდა იყოს და ეს სწორია", - უთხრა საინფორმაციო გამოშვების წამყვანს იუსტიციის მინისტრმა.

დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.

ჰასან როჰანიმ IMF-ს მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი, რომელიც ადრე ითხოვა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

„ჩვენ IMF-ის წევრი ვართ... არ უნდა არსებობდეს არანაირი დისკრიმინაცია კრედიტების გაცემაში“, თქვა როჰანიმ 8 აპრილს, მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

გასულ თვეში ირანის ცენტრალურმა ბანკმა IMF-ს ე.წ. სწრაფი დაფინანსების ფონდიდან 5 მილიარდი დოლარი სთხოვა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანი პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 65200-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 3800. მრავალი ექსპერტის აზრით, თეირანის ეს ოფიციალური ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს.

ეპიდემიამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას, რომელიც უკვე დააზარალა აშშ-ის სანქციებმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან.

9 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.17 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

9 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1794 ლარი (8 აპრილი - 3.1748 );
  • 1 ევრო - 3.4576 ლარი (8 აპრილი - 3.4551);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9227 ლარი (8 აპრილი - 3.9110);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2035 ლარი (8 აპრილი - 4.2058);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4697​ ლარი (8 აპრილი - 0.4698).

8 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1737 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

6 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 16-ს შეადგენს. ამის გამო, თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს.

სენატორ გრემის თქმით, აშშ-მა აღარ უნდა დააფინანსოს WHO მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში

სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა სამშაბათს Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ ხელმძღვანელობის პირობებში არ უნდა მიიღოს დაფინანსება აშშ-ისგან. ასევე მან ჩინეთს დააკისრა პასუხისმგებლობა კორონავირუსის პანდემიისთვის.

„ასიგნებების შესახებ შემდეგ კანონპროექტში არ იქნება არავითარი თანხა WHO-სთვის. მე პასუხისმგებელი ვარ ასიგნებების ქვეკომიტეტისთვის. არ ვაპირებ WHO-ს დაფინანსების მხარდაჭერას მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში“.

გრემმა WHO-ს ბრალი დასდო, რომ ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა კორონავირუსის კრიზისს.

თავისი კომენტარით გრემი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ტრამპმა სამშაბათს კორონავირუსის პრობლემებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გააკრიტიკა WHO, მას „ჩინეთზე კონცენტრირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს მას.

Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლინდსი გრემი თავს დაესხა ჩინეთსაც და პანდემიისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა მას.

„ჩინეთი რომ არ ყოფილიყო უპასუხისმგებლო, მსოფლიოსთვის ტყუილი რომ არ ეთქვა დაავადების გავრცელების გზების შესახებ, ინფიცირების დონის შესახებ ინფორმაცია რომ არ დაემალა, არ ჩაეჩუმებინა ექიმები, მსოფლიოში არ იქნებოდა პანდემია“, თქვა გრემმა და ჩინეთს პანდემიის „ინკუბატორი“ უწოდა.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 12911 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 22500-ზე მეტი.

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე 3 კლინიკის ექიმებს ჩაუტარდა ტესტირება

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, ამ დრომდე კორონავირუს COVID-19-ზე ტესტირება სამი კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა. დაგეგმილია სხვა კლინიკების ექიმების შემოწმებაც.

„დღეისათვის სამ კლინიკაშია უკვე ჩატარებული სამედიცინო პერსონალის გამოკვლევა. ესაა: საჩხერის სამედიცინო ცენტრი, გორის ჰოსპიტალი და მარნეულის "ჯეოჰოსპიტალი". რა თქმა უნდა, იგეგმება დამატებით კლინიკებში, ვინაიდან ესაა პროტოკოლი, რომელიც შემუშავებულია სამედიცინო პერსონალისთვის. ჩვენ კიდევ ვმსჯელობთ, თუ რა კუთხით გაფართოვდება პროტოკოლი, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

8 აპრილის 15:40 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

„უფლებები საქართველო“ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ სახელწოდება შეიცვალა

ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, სახელწოდება შეიცვალა. დაარსებიდან 23 წლის შემდეგ ორგანიზაცია არსებობას განაგრძობს სახელით - „უფლებები საქართველო“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ რებრენდინგის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პირის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, რომლებიც მოქალაქეს სასამართლოში მიმართვის და დამცველის ყოლის უფლებას ანიჭებდა, 42-ე მუხლიდან 31-ე მუხლში გადაინაცვლა”, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

განმარტების თაახმად, ორგანიზაცია საქმიანობას უფლებადამცავ სფეროში გააგრძელებს და კვლავაც იზრუნებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს მთავრობა სესხის გადახდაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობა სესხის მქონე მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს დაეხმარება. პროგრამა გავრცელდება ყველა იმ სასტუმროზე, რომელმაც სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე მშენებლობისთვის, გაფართოებისთვის, აღჭურვისთვის ან რემონტისთვის აიღო.

პირველი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მთავრობა ლარში აღებული სესხის პროცენტის 80 პროცენტს გადაიხდის, ევროსა და დოლარში კი - 70 პროცენტს. მეწარმეს შეუძლია, ეს თანხა გამოიყენოს ბანკში აქამდე არსებული ვალდებულების დასაფარად.

პროგრამა არ გავრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ბანკებში 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით „პრობლემურ კატეგორიაში“ მოხვდნენ.

მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 10 ათას ლარს იხდიდით ბანკში, საიდანაც 7 ათასი ლარი ძირი თანხა იყო, 3 ათასი ლარი კი დარიცხული პროცენტი, მთავრობა დაგიფარავთ 2,4 ათას ლარს. ანუ თქვენ 10 ათასის ნაცვლად გადაიხდით 7,6 ათასს.

ვინ ისარგებლებს პროგრამით

  • ვისაც მილიონ ლარამდე, ან 300 ათასი აშშ დოლარამდე, ან 250 ათას ევრომდე მოცულობის სესხი აქვს აღებული;
  • ვის ხელშეკრულებაშიც ეწერება, რომ სესხი ხმარდება სასტუმროს მშენებლობას, გაფართოებას, აღჭურვას ან რემონტს;
  • სადაც ნომრების რაოდენობა 4-დან 50-მდეა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო პირდაპირი ზიანი მიადგა ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს. დიდი სასტუმროების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. დამატებით დაიხარჯება თანხა ამ პროექტის ფარგლებში მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების სესხის დაფარვაში თანამონაწილეობაზე.

ნათია თურნავა: გვერდში დავუდგებით შაქრის მწარმოებელ ნებისმიერ საწარმოს

ნათია თურნავა

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა BM.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ აპირებს მთავრობა, აამუშაოს „აგარის შაქრის კომბინატი“ და ჩააყენებს თუ არა ეს საწარმოს უპირატეს მდგომარეობაში სხვა კომპანიებთან შედარებით.

„როდესაც ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ კითხვის პასუხად.

აგარის შაქრის კომბინატი ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო გასული წლის მარტში დაიხურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტრის კომბინატის ამუშავების დავალება რამდენიმე დღის წინ მისცა. თავის მხრივ, მინისტრმა განაცხადა, რომ კომბინატი 2 თვეში ამოქმედდება.

აფხაზეთში მოზარდი გარდაიცვალა - COVID-19-ზე ანალიზის პასუხს ელიან

8 აპრილის ღამით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2005 წელს დაბადებული მოზარდი. ამის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, მოზარდს კორონავირუს COVID-19-ზე უკვე აუღეს ანალიზი და შედეგებს მოგვიანებით ელოდებიან.

განცხადების თანახმად, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი სოხუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ნაწლავური ინფექციის წინასწარი დიაგნოზით. 5 აპრილს პაციენტის მდგომარება სტაბილური გახდა და ის ადგილობრივი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ამბულატორიულ რეჟიმში სამკურნალოდ გაწერეს.

„პაციენტს ბავშვობიდან სხვადასხვა ქრონიკური დაავადება აღენიშნებოდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 7 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ მას COVID-19 აქვს.

ტიკარაძე: სახლში მკურნალობის პროტოკოლი მზად არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის COVID-19-ით დაავადებულთა სახლში მკურნალობის პროტოკოლი.

„ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა. იქედან გამომდინარე, რომ 80% მიმდინარე COVID ინფექციის არის მსუბუქი ფორმის, ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში. ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებითაც მუდმივ კონსულტაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იმ ეტაპზე, როცა დაფიქსირდება პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა და გამოვლინდება მსუბუქი შემთხვევები, რომელთა მართვა შესაძლებელია საკარანტინო ზონებში, მათი მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით დაიწყება.

8 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას "პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს" უთანაბრებს

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს მიაკუთვნა, - ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Der Tagesspiege-ი.

„ამას არაპირდაპირ ადასტურებს მთავრობის პასუხი, შინაგან საქმეებზე ბუნდესტაგის „მწვანეთა“ პარტიის უფლებამოსილი პირის, ირენ მიხალიჩის, შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა 2019 წელს მომხდარ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. გასული წლის 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კრასიკოვმა მოაბიტის რაიონში თავის არეში გასროლით მოკლა ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა რუსეთის მოქალაქეს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

„პასუხში საუბარია ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ექსტრემისტულ სფეროს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Der Tagesspiegel-ს დაუდასტურა, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე“, - იუწყება გამოცემა.

სტატია მკითხველს შეახსენებს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთებად ითვლება პუტინის რეჟიმი ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასტიკი მმართველი, რამზან კადიროვი. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის დროს.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს კარანტინის ზონებშიც უმკურნალებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს კლინიკებში მობილიზებულია 3500 საწოლი: „რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლად“.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ ოჯახის ექიმების ინტენსიური ტრენინგის შედეგად, შესაძლებელია საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ პაციენტები, რომლებსაც არ სჭირდებათ სტაციონარში გადაყვანა და მათ კარანტინის ზონებში უმკურნალებენ.

„საერთო ჯამში, არის დაახლოებით 10 000 პაციენტამდე, რაც შეიძლება გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის მანძილზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში არ იყოს რაიმე რყევები და ყველა ექიმი და ექთანი იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი.

8 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი მზადაა, სპეცრეისის ბილეთის ფასზე პასუხი აგოს

თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ან ერთ მგზავრს, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არ შეეხება იმ კომერციული რეისების ფასს, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციამდე მოქმედებდა.

„ახლა ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე უფრო მაღალ ფასად იყიდებოდეს.

„კიდევ ერთ ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი, გვარი და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან და დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

.

თურნავა: შევეცდებით, ონლაინგაყიდვების კომპანიები შემოწმებისას პრიორიტეტში გადმოვიტანოთ

ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა ამ დრომდე ონლაინგაყიდვები სახელმწიფოს მიერ ნებადართული საქმიანობების სიაში. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო უფრო კონკრეტული საწარმოებისა და კომპანიების შემოწმების გზით მიდის და არა დარგების დაშვების.

ნათია თურნავას თანახმად, იგივე მიდგომა გავრცელდება ონლაინგაყიდვების მიმართაც და ბიზნესის ამუშავების შესატყვისობის სტანდარტების დაცვის მდგომარეობაზე ინდივიდუალური კომპანიები შემოწმდება:

„შევეცდებით, რომ ონლაინგაყიდვების კომპანიები მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ შემოწმებებში და თითოეული კომპანიის გადამოწმების შემდეგ მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, 6-7 აპრილის განმავლობაში შრომის ინსპექციამ სხვადასხვა ბიზნესსფეროში მომუშავე 76 კომპანია შეამოწმა. მათგან 40-ს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა.

ნათია თურნავას თანახმად, აღნიშნული 40-დან საქმიანობის განახლების უფლება 26 კომპანიას მიეცა, დანარჩენ 14-ს კი ხარვეზების გამოსწორებისთვის ვადა განესაზღვრა.

საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიებისთვის დაწესებულ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას შრომის ინსპექცია და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებენ. შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივად 6 აპრილს გამოსცეს.

ახმედ ზაკაევი კორონავირუსის გამო ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს

ახმედ ზაკაევი, დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, კორონავირუსის სიმპტომებით ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ზაკაევის ახლობლებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, 6 აპრილს მას სუნთქვის პრობლემები დაეწყო. მანამდე კი COVID-19-ის სიმპტომები, ციება და ხველა, ზაკაევის ოჯახის სხვა წევრებსაც აღმოაჩნდათ.

გავრცელებული ცნობით, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ზაკაევის ნათესავებს სთხოვეს, ხელმოწერით დაედასტურებინათ თანხმობა, პაციენტის მკურნალობის დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებაზე.

60 წლის ახმედ ზაკაევს, თავის დროზე, ჩეჩნეთის სეპარატისტულ მთავრობაში კულტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

ის და მისი ახლო ნათესავები ლონდონში 2002 წლიდან ცხოვრობენ დევნილობაში.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 2000 სწრაფი ტესტი ადგილზეა, 52000 - გზაში

ეკატერინე ტიკარაძე

„ამ ეტაპზე საქართველოში ადგილზე გვაქვს PCR ტესტების რაოდენობა 2000 ოქროს სტანდარტის. დამატებით 10000 ტესტი, რომელიც უკვე კიდევ შემოსული არის. გზაშია 18000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84000“, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეკითხვებით, რამდენი სწრაფი ტესტი შემოიტანეს ქვეყანაში პირველი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, რამდენად სანდოა და კიდევ რამდენის შემოტანას აპირებენ, ჯანდაცვის მინისტრს რადიო თავისუფლებამ მიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით: „ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ესე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 2000, 52000 არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდატი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში“.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ჟურნალისტები მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგებს აღარ ესწრებიან და შეკითხვებს წერილობით გზავნიან.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრს დაუსვეს ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ შეკითხვაც, რომელიც ეხებოდა ანტიგენსა და ანტისხეულზე დამყარებული ტესტების რაოდენობას.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, უკვე ადგილზეა ანტისხეულების 4 000 ტესტი და გზაშია 20 000: „საერთო რაოდენობას ამ ეტაპისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებით ჩვენ ველოდებით 24 000-ს“.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ 215 000 სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა კომპანია Bioeasy-სთან, რომელმაც საკუთარი პროდუქცია თავად გაიწვია.

მთავრობას ოპონენტები აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქართველო სწრაფი ტესტების რაოდენობით მსოფლიოს სხვა ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩება.

დავით ზალკალიანი: უცხოეთიდან საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა

„უცხოეთდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა არის ძალიან დიდი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. თუმცა, მისი სიტყვებით, მოქალაქეთა დაბრუნებისას საქართველო ხელმძღვანელობს არსებული რესურსების გათვალისწინებით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული კრიტერიუმებით.

„ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა შეხვდეს მომზადებული საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულ, ეტაპობრივ დაბრუნებას, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი სიტყვებით, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ ინფიცირებული და მათი სასწრაფო მკურნალობა იყოს საჭირო, ასევე ითვალისწინებენ საკარანტინო სივრცეებში არსებული ოთახების რაოდენობას. მინისტრის განმარტებით, ყველა რეისი ამ მოთხოვნების შესაბამისად იგეგმება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სულ საქართველოში 5 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის ნაწილი - სახმელეთო გზით.

„არსებობს ბორანი, რომელსაც უკრაინიდან მოჰყავს ჩვენი მოქალაქეები, ავტობუსებით, სახმელეთო გზით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 48 შეადგინა.

STOPCOV.Ge-ის თანახმად, სულ დადასტურებულია ინფიცირების 208 შემთხვევა, გარდაცვლილია - 3.

ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადე 50 თეთრი ეღირება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების გადანაწილება უკვე დაიწყო და რამდენიმე დღეში გაიყიდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, 400 ათასი პირბადე PSP-ს, GPC-ის, ფარმადეპოსა და ავერსის ყველა აფთიაქში 11 აპრილიდან 50 თეთრად გაიყიდება. საწყის ეტაპზე, ერთ მოქალაქეს მხოლოდ 3 პირბადის ყიდვა შეეძლება.

საქართველოში პირბადეების დეფიციტი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაჩნდა. ამის აღმოსაფხვრელად საქართველომ მათი წარმოება დაიწყო.

ნატოელი მოკავშირეები განაგრძობენ ერთმანეთის მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღმდეგ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები განაგრძობენ სამედიცინო და სპეციალური აღჭურვილობით კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოკავშირეების მხარდაჭერას.

პანდემიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ სამოქალაქო ძალისხმევის მხარდაჭერის საკითხებზე, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გაცხადებით, ნატოს თავდაცვის მინისტრები თვის ბოლოს გამართავენ საგანგებო თათბირს, რომელიც ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება, როგორც ეს პირველად მოხდა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემთხვევაში.

7 აპრილს კი სატელეფონო საუბარი გაიმართა ნატოს გენერალურ მდივანსა და ალიანსის ახალი წევრი ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პრეზიდენტ სტივო პენდაროვსკის შორის. იენს სტოლტენბერგმა მისასალმებელი უწოდა იმ მხარდაჭერას, რაც ნატოელმა მოკავშირეებმა ბლოკის ახალ წევრ ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოუჩინეს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნატოს საიტის ცნობით, სკოპიემ უნგრეთისგან მიიღო 100 ათასი დამცავი პირბადე და 5000 ათასი კომბინეზონი, სლოვენიისგან - 100 ათასი ქირურგიული პირბადე და ამდენივე დამცავი ნიღაბი, აშშ-ის ხელისუფლება ჩრდილოეთ მაკედონიას დაჰპირდა $1,1 მილიონის დახმარებას, რომელიც მოიცავს COVID-19-ის ვირუსის ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის საშუალებებს. ნორვეგიამ ჩრდილოეთ მაკედონიას გადასცა საველე ჰოსპიტალი და სხვა, დაახლოებით, 180 000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა.

ნატოს საიტის თანახმად, ჩრდილოეთ მაკედონიამ დახმარებისათვის 30 მარტს მიმართა „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“ (EADRCC), რომელიც, თავის მხრივ, დახმარების თხოვნას უგზავნის ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს. ამა თუ იმ ქვეყნისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

ომბუდსმენი: მასობრივი იზოლაცია ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს

საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას. ომბუდსმენის თანახმად, საჭიროა მომხდარ შემთხვევებზე დაცული, დროული და ეფექტიანი რეაგირება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი. მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში.

„ამ ეტაპზე, თბილისის თავშესაფარი გადაკეთებულია საკარანტინე ზონად, სადაც მსხვერპლები განთავსდებიან თავშესაფრებში გადანაწილებამდე 2 კვირით, ჯანმრთელობაზე დაკვირვების მიზნით“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისი შეფასებით, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით აუცილებელია:

  • მომზადდეს სპეციალური კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, რათა ძალადობის მსხვერპლებს ხელი მიუწვდებოდეთ არსებულ დაცვისა და დახმარების ინფორმაციასა და სერვისებზე (ცხელი ხაზი, 112 აპლიკაცია) ონლაინ, მათ შორის უმცირესობების ენებზეც.
  • სამართალდამცავი უწყების მიერ დროულად იქნეს შემუშავებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალური მეთოდოლოგია და ყველა საჭირო შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოძალადის განრიდების მექანიზმი.
  • თავშესაფრებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ იქნას იმ ძალადობის მსხვერპლთა მატერიალური დახმარების პაკეტები, ვინც თავშესაფარი დატოვა ან უნდა დატოვოს შეცვლილი ეკონომიკური რეალობის პირობებში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში ქალთა და ოჯახში ძალადობის კუთხით შესაბამისი უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დოკუმენტების აღსრულების მონიტორინგს.

7 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, მისი თქმით, შემცირებულია ოჯახში დანაშაულის ფაქტები.

ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი იწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის შესასვლელებში მოეწყობა პუნქტები, სადაც მოქალაქეებს შეამოწმებენ.

ბოლო რამდენიმე დღეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვანის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ჩიქოვანის თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირებული პირის კონტაქტებს ადგენენ და თერმოსკრინინგის გადაწყვეტილებაც ამ მოტივით მიიღეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 48 განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

ამ დრომდე რამდენიმე ქალაქში შესასვლელში ტარდება თერმოსკრინინგი. მათ შორის, თბილისის, გორის, ქუთაისის, ბათუმის და ა.შ.

ლევან რატიანი COVID-19-ის მოხდაზე განმარტებას აკეთებს და მედიასთან ურთიერთობის წესს ცვლის

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განმარტება გააკეთა მის გუშინდელ, 7 აპრილის განცხადებაზე, რომ კორონავირუსი COVID-19 ყველამ უნდა მოიხადოს.

დღეს, 8 აპრილს ლევან რატიანმა მედიას უთხრა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, სამყაროს გამოცდილებით, 13 მარტს თქვა, რომ ადამიანების 80% შესაძლოა დასნებოვნდეს, ანუ იყოს ინფექციის მატარებელი და არ იყოს დაავადებული.

ამიტომ, ლევან რატიანის განცხადებით, ასეთი ადამიანები არიან საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში, რადგან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები არიან.

რატიანის განმარტებით, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება. „მეც ვარღვევ ახლა კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

ექიმის განმარტებით, რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, 17%-ს შეიძლება დასჭირდეს სტაციონარში, თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა საშუალო და მსუბუქი ფორმებით და 3%-ს შესაძლოა დასჭირდეს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში.

„ამ დაავადების გამოსავალში ძალიან დიდი დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ ყველას გაგვიგია, უზნაძის განწყობის თეორია, და ვიყოთ ყველა ძალიან კარგ განწყობაზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მას არ უთქვამს, კონკრეტულად რა ფორმით მისცემს ხვალიდან მედიას ინტერვიუს.

ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა

გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს“, - ნათქვამია გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

მისი სიტყვებით, „2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით“, ის მერად აირჩიეს, რაც უდიდესი ნდობა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო.

„იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა“, - ნათქვამია გიორგი ჭიღვარიას განცხადებაში.

გიორგი ჭიღვარიას ქუთაისის მერის პოსტი 2017 წლიდან ეკავა. მისი მერობის პერიოდს უკავშირდება რამდენიმე განუხორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG