Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი გაეროს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები.

თავის გამოსვლაში მინისტრმა საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების - ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის - სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში გამოჩენილი ძალისხმევისათვის.

გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების შეზღუდვას:

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ასევე რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG