Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებით ეხმიანება


აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოს და მის სიტყვებს აქვეყნებს.

„დიდმა ქართველმა მწერალმა, მიხეილ ჯავახიშვილმა აღწერა, როგორი იყო იმ დროებაში ცხოვრება. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მის სიტყვებს: „25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ”.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG