Accessibility links

logo-print logo-print

გარდაიცვალა დმიტრი იაზოვი - უკანასკნელი საბჭოთა მარშალი


მოსკოვში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი დმიტრი იაზოვი, - ცნობას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

დმიტრი იაზოვი დაიბადა 1924 წელს. წითელი არმიის რიგებში შევიდა მოხალისედ 1941 წელს, ომის დროს. მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვასა და ბალტიის იერიშში.

კომუნისტური პარტიის წევრია 1944 წლიდან. ორჯერ იყო დაჭრილი, მიღებული აქვს წითელი ვარსკვლავის საბრძოლო ორდენი.

ომის შემდეგ დაამთავრა სამხედრო აკადემია. მონაწილეობას იღებდა კარიბის კრიზისში. იაზოვის მოტომსროლელთა პოლკი გადასროლილი იქნა კუბაში, სადაც უნდა მოეგერიებინა აშშ-ის შესაძლო იერიში. სარდლობდა ჩეხოსლოვაკიაში განთავსებულ საბჭოთა ჯარებს, იყო შუა აზიისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქების სარდალი.

1987 წლის მაისში, მარშალ სერგეი სოკოლოვის გადაგომის შემდეგ, დაინიშნა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრად. სოკოლოვის გადადგომა გამოიწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის, მატიას რუსტის მიერ საბჭოთა კავშირის საჰაერო საზღვრის დარღვევამ და საფრენი აპარატის წითელ მოედანზე დაშვებამ.

დმიტრი იაზოვი იყო უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება. ის ასევე იყო იმ ქვეყნის უკანაკნელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა პარტიულმა ხელმძღვანელობამ იაზოვს დააკისრა პასუხისმგებლობა ჯარის საკავშირო რესპუბლიკებში გამოყენების გამო, მათ შორის ლიტვაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ლიტვაში, სამხედრო დანაშაულისათვის, დაუწრებლად მიესაჯა 10 წლით პატიმრობა.

1991 წლის აგვისტოში იყო ე.წ. ГКЧП (საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი) წევრი. იაზოვის ბრძანებით იქნა გამოყვანილი სამხედრო ტექნიკა. მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრა მიხეილ გორბაჩოვთან ფოროსში, სადაც დააპატიმრეს. ტელევიზიით გავრცელდა გორბაჩოვისადმი მისი მიმართვა, რომელშიც მარშალი იაზოვი თავის თავს „ბებერ სულელს“ უწოდებდა. წლების შემდეგ მემუარებში დაწერა, რომ არ მიაჩნია 1991 წლის მაისის მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად და, რომ ტელემიმართვა ჩაწერა ზეწოლის შედეგად.

1994 წელს შეეხო ამნისტია. სიცოცხლის ბოლო წლებში დიმიტრი იაზოვს ეკავა კონსულტანტის თანამდებობა რუსეთის თავდაცვის უწყებაში. ორჯერ აქვს მიღებული ლენინის ორდენი. უკანასკნელი ორდენი - სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის (III ხარისხი) მიღებული აქვს 2020 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG