Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს საქართველოს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებაზე


გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას“, - ამ სათაურით 25 ნოემბერს გამოცემა „The Washington Times”- მა გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატია. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და საქართველოს როლზე შავი ზღვის გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებაში. „სწორედ ახლა დადგა დრო , ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

„რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

მანამდე კი, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ქართველები სამართლიანად ამაყობენ ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან კავშირისა და ღრმა ფესვების პრაქტიკული მოქმედებებით დემონსტრირება აათმაგებს საქართველოს სიმტკიცესა და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს:

„შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატო-ში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატიაში, რომელიც ამერიკულმა გამოცემამ - The Washington Times-მა ანალიზისა და მოსაზრებების სვეტში გამოაქვეყნა.

სტატიის ქართული თარგმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG