Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის გამოსარიცხად სინჯები თბილისის და ქუთაისის კლინიკებში მყოფ 5 პაციენტს აუღეს


თბილისის "ლუგარის ლაბორატორია"

კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების დასადგენად აღებული სინჯების ანალიზის პასუხს 5 პაციენტი ელოდება თბილისის და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში. მათგან სამი საქართველოს, ორი კი ირანის მოქალაქეა. 5 პაციენტიდან ორი იტალიიდან ჩამოვიდა, სამი კი - ირანიდან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკაში 24 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მოათავსეს საქართველოს ორი და ირანის ორი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსის მთავარი სიმპტომი - პნევმონია არ აღენიშნებათ, თუმცა, საბოლოოდ, კვლევის შედეგს „ლუგარის ლაბორატორიიდან“ ელოდებიან. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტიდან ერთი იტალიაში იმყოფებოდა, სამი კი, ირანში.

„ლუგარის ლაბორატორიის“ პასუხს ელოდებიან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშიც, სადაც იტალიის ქალაქ მილანიდან ქუთაისის ავიარეისით დაბრუნებული 20 წლის გოგო იმყოფება. კლინიკის ექიმმა, ნესტან ჭეიშვილმა მედიას უთხრა, რომ პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეს მწვავე ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, თუმცა, წინასწარი შეფასებით, მას კორონავირუსი არ აქვს.

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს აეროპორტებში ამოწმებენ ამ ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებსაც. დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეამოწმეს ბერგამოს რეისის მგზავრები. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ ჰქონია.

საქართველოში დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG