Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი არასრულწლოვნის მოტაცების ფაქტს აფასებს


სახალხო დამცველი ეხმაურება მარნეულში 14 თებერვალს არასრულწლოვნის ქორწინების იძულების მცდელობისას მისთვის თავისუფლების უკანონო აღვეთას.

ომბუდსმენის თანახმად, ამ შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ის, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის სტერეოტიპული დამოკიდებულებებისგან.

„საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას.

მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო 14 თებერვალს გაიტაცეს. სახალხო დამცველი, თვითმხილველებზე დაყრდნობით, გატაცების განსაკუთრებულ სისასტიკეზე საუბრობდა. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრიდან გატაცებულ გოგოს გამტაცებლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს. გოგო გატაცებისას საგანმანათლებლო კურსებიდან მოდიოდა. უფლებადამცველები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის საუკეთესო გზა დამნაშავის დროულად პოვნა, სათანადო დასჯა და გოგოს გაძლიერებაა.

შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისთვის მარნეულში 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს, გოგო კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG