თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი მეორე ინსტანციაში შეიძლება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში გასაჩივრდეს.
„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ. კ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბერს ფიზიკური დაპირისპირებისას მ. კ.-მ სხვა პირთან ერთად წინასწარი შეცნობით, თან ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჭრილობები მიაყენა არასრულწლოვან დ. ს.-ს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირა და საბოლოოდ, საპატიმრო სასჯელად განუსაზღვრა 11 წელი და 3 თვე.
მიხეილ კალანდიას გაგამტყუნებელ განაჩენს მისი დაცვის მხარე, ოჯახთან ერთად, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
დაწერეთ კომენტარი