Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ირანთან საჰაერო მიმოსვლა


არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეწყვიტა ყველა საჰაერო რეისი ირანში და ირანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიას უკვე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ყველაზე დიდი რიცხვია დაავადების ეპიცენტრის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ.

მიმდინარე კვირაში გაიზარდა შიში კორონავირუსის ეპიდემიის პანდემიად ქცევის თაობაზე მას შემდეგ, რაც დაავადებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში. ამჟამად მსოფლიოში ვირუსით დაავადებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა დაახლოებით 2700, მათი უდიდესი ნაწილი - ჩინეთში.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სამშაბათს ირანის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი. სულ ირანში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 95 შემთხვევა.

ამასობაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამმართველომ, სულ მცირე, ერთი კვირით შეწყვიტა ყველა სამგზავრო და სატვირთო რეისი ირანში და ირანიდან, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას. საამიროებში აღრიცხულია 13 შემთხვევა, მათ შორის უკანასკნელი ორი - ირანელი ტურისტი და მისი ცოლი. არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია სპარსეთის ყურეში. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო აეროპორტია, მთავარი სატრანზიტო პუნქტია ირანიდან და ირანის მიმართულებით მგზავრებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG