Accessibility links

ახალი ამბები

ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავადმყოფები უწოდა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟენევაში, გაეროს ოფისში ცდილობდნენ მისგან პასუხის მიღებას, დაესწრება თუ არა თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას. „თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, - ასე მიმართა ლავროვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ქართველი ჟურნალისტი ქალები რუსეთის დელეგაციას მივარდნენ.

ზახაროვა ჟურნალისტებს მემებად მოიხსენიებს და წერს, რომ ისინი ყვირილით და ჯაჯგურით ცდილობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. ზახაროვას განცხადებით, იძულებული იყვნენ გვერდზე გაეწიათ ღირსებადაკარგული ქალები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებდათ, ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ზახაროვა წერს, რომ ეს იყო საცოდავი სანახაობა.

რუსეთის დელეგაცია ჟენევაში იმყოფება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაში მონაწილეობისთვის.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დაჯარიმდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დარღვევათა ფაქტების ნახევარი კომენდანტის საათის შეზღუდვას უკავშირდება. კერძოდ:

  • კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმდა 75 მოქალაქე
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 42 მოქალაქე დააჯარიმეს
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 21 პირი დააჯარიმეს
  • გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 1500 ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი.

10 აპრილის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

ლევან რატიანი: მარნეულელი "ტერმინალური პაციენტი" COVID-19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტი კლინიკას დღეს დატოვებს გამოჯანმრთელებული მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობას ექიმები აფასებდნენ როგორც ტერმინალურს, ანუ ბოლო სტადიას.

COVID-19-ით დაავადებული, 60 წელზე უფროსი ასაკის ქალი, რომელსაც რამდენიმე სერიოზული, ქრონიკული დაავადება აქვს, მარნეულიდან თბილისის ამ კლინიკაში 22 მარტს გადაიყვანეს. სწორედ ეს შემთხვევა შეფასდა მაშინ სავარაუდო შიდა გადაცემად, რომლის გამოც, მარნეულსა და ბოლნისში სრული კარანტინი გამოცხადდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდებოდა და როგორც 10 აპრილს დღისით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, საავადმყოფოს რამდენიმე საათში დატოვებს: „ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, მინდა ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID ვირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“.

საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა

საქართველოში 52-დან 54-მდე გაიზარდა COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. განახლებული მონაცემები 10 აპრილს, დაახლოებით 12 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე საქართველოში დადასტურებულია სულ 230 შემთხვევა. მათგან 54 გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429.

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ სომხეთიდან გადმოიყვანეს სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, სატვირთო ავტომობილის მძღოლები, თავს კარგად გრძნობენ. ექიმის თქმით, ისინი სომხეთიდან COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გადმოიყვანეს:

„მათი მდგომარეობა არ არის მძიმე, უკვე დაახლოებით დაავადების მე-9 და მე-10 დღეა და შესაბამისად 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთ პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება და ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

10 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 230 შეადგინა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52, გარდაცვლილი - 3.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ახალ პაციენტს შორის არის 6 წლის ბავშვი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, მათ შორის ერთი არის 6 წლის ბავშვი.

„დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მისი განმარტებით, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19.

10 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით , ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 230 შეადგინა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52, გარდაცვლილი - 3.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 3-ით გაიზარდა და 230 შეადგინა.

ცვლილება COVID-19-ის ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE - ზე დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით აისახა. უცვლელია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 52 ადამიანი. გარდაცვლილია - 3.

"ქობულეთის კლასტერიდან" კიდევ 6 დაინფიცირებული პაციენტია

კლინიკა "მედალფა"

„ქობულეთის კლასტერიდან“ დამატებით მოძიებული 40 კონტაქტირებული პირიდან ლაბორატორიული კვლევა 8-ს ჩაუტარდა და მათგან 6-ს COVID-19 დაუდასტურდა.

ამის შესახებ დღეს, 10 აპრილს მედიას აცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ. მისი ინფორმაციით, 6-დან ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის.

„ქობულეთის კლასტერი“ უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მამის ოჯახს სტუმრობდა.

ამ კლასტერიდან 6 ახალი შემთხვევის დადასტურებამდე COVID-19 დაუდგინდა 5 ადამიანს - ინფიცირებული ქალის დას და მამას, რომლებსაც თავის მხრივ კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებთან და სამ მეზობელს.

გუშინ 9 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 8 აპრილს, ქობულეთში აღრიცხეს ინფიცირებულებთან 108 კონტაქტირებული პირი. მათგან ლაბორატორიული კვლევისთვის 40-მდე ნიმუში აიღეს როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე ოჯახური კონტაქტების წარმომადგენლებისგან და არცერთ შემთხვევაში COVID-19 არ დადასტურდა. ნიჟარაძის განმარტებით, ნიმუშების აღება ხდება დადგენილი ვადის და პროტოკოლის დაცვით, რაც მოიცავს რესპირაციულ ჩივილებზე ზედამხედველობას და კონტაქტიდან გასული დღეების რაოდენობას.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ მედიისთვის დღეს, 10 აპრილს მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევები გასცდა სოფელ გვარას და ამჟამად საუბარია ქობულეთსა და მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელზე. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კონტაქტების მოძიება გრძელდება.

აჭარაში კორონავირუსით დაავადებულ ყველა პაციენტს ბათუმის კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ.

10 აპრილის 11:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების საერთო ჯამში, 230 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 52. გარდაიცვალა 3.

თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს

კალათბურთში ევროპის მომავალი ჩემპიონატი წინასწარ დაგეგმილზე ერთი წლით გვიან გაიმართება. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) გადაწყვეტილება 9 აპრილს ჩატარებულ საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე მიიღო. ფიბას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის გათვალისწინებით, 2020 და 2021 წლების საერთაშორისო კალენდარში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს და ერთ-ერთი მათგანი ევრობასკეტსაც შეეხო. გადაწყდა, რომ შეჯიბრება 2021 წლის ნაცვლად, 2022 წელს გაიმართება, 1-18 სექტემბერს.

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება, ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად. თბილისში გაიმართება ჯგუფური ეტაპის შეხვედრები საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფში. ევრობასკეტს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

მარინა ეზუგბაია: განსაკუთრებით მძიმე 2 პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, კლინიკაში განთავსებული 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა სტაბილურია:

„1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან უკვე სტაბილურია 3 დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე განსაკუთრებით მძიმე არ არის. არის მძიმე პაციენტი, რომელთანაც უკვე ალბათ დაიწყება მონიტორინგი ყველა მაჩვენებლის შეფასებით და pcr ტესტირების მონიტორინგითაც“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით საავადმყოფოში საავადმყოფოში განთავსებული პაციენტებიდან 7-ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ.

10 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 218-დან 227-მდე გაიზარდა, ხოლო მათგან განკურნებულების 51-დან 52-მდე. ამ დრომდე გარდაცვლილია სულ 3 ადამიანი.

საქართველოში 227-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვი

საქართველოში COVID-19-ით დაავადების 9 ახალი შემთხვევაა და კიდევ 1 გამოჯანმრთელების.

დღეს დილით, შემთხვევების საერთო რიცხვი 218-დან 227-მდე გაიზარდა, ხოლო მათგან განკურნებულების 51-დან 52-მდე. ამ დრომდე გარდაცვლილია სულ 3 ადამიანი.

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებთ ქუჩაში, პარკებსა და სანაპიროზე ყოფნა აუკრძალეს

სოხუმის სანაპირო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად ახალ აკრძალვებს აწესებს.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას მიერ ხელმოწერილი „დეკრეტის“ თანახმად, 11 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე აიკრძალება ქუჩებში, სანაპიროზე, მოედნებზე, პარკებში და სკვერებში ყოფნა.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, აუცილებლად შეასრულებელ სამუშაოს, სურსათის და სხვა საჭირო საქონლის შეძენას, ავადმყოფების მოვლას, 60 წელზე უფროსი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პროდუქტის სახლში მიტანას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და ნარჩენების გადაყრას.

აკრძალვა არ ეხებათ სამართალდამცავი, სამედიცინო, სოციალური, სამაშველო და საბანკო სისტემის წარმომადგენლებს, მოხალისეებს და იმ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა ნებადართულია.

აკრძალვის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 3 ათასი რუბლის ჯარიმა.

მასმედიით, ან სოციალური ქსელებით წინასწარ გამიზნული არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შესაძლოა რისკის წინაშე დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, მოქალაქეები 15 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან, თანამდებობის პირები 30 ათასით და იურიდიული პირები 50 ათასით.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 27 მარტიდან მოქმედებს. დაკეტილია რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აკრძალულია მასობრივი შეკრება. მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტებისგან და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 9 აპრილის ღამის მდგომარეობით აფხაზეთში დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 2 შემთხვევა.

COVID-19-ით დაავადდა მოსკოვის ეპარქიის კიდევ რამდენიმე მღვდელი

მოსკოვის ეპარქიაში კორონავირუსი COVID-19 დაუდასტურდა კიდევ 5 სასულიერო პირს.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების გამო, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მოქმედი სამუშაო ჯგუფის ცნობით, 9 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსი დადგენილი აქვს მოსკოვის ეპარქიის სულ 8 მღვდელს. ამავე ჯგუფმა 5 აპრილს დაადასტურა სამი სასულიერო პირის დაინფიცირება.

სამუშაო ჯგუფი ასახელებს მოსკოვის იმ ტაძრებს, სადაც COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა და მრევლს მიმართავს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.

5 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გამორიცხა, რომ მორწმუნეებს მოუწევთ 19 აპრილს, სააღდგომო ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურონ. მიტროპოლიტის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე. სასულიერო პირმა ისიც თქვა, რომ დროებით უარს იტყვიან მორწმუენთა ზიარებაზე.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 10 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 76 გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

ჰოსპიტალი, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან საერთო თერაპიის პალატაში გადაიყვანეს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს შესანიშნავი განწყობა აქვს, გამოჯანმრთელების ადრეულ სტადიაშია და ექიმები მის მდგომარეობაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

55 წლის ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს და პირველი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხველების და ტემპერატურის მომატების გამო, 5 აპრილს ჯონსონი სენ-ტომასის კლინიკაში გადაიყვანეს.

პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის გამო, მთავრობის მეთაურის მოვალეობას დროებით ასრულებს საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.

დიდ ბრიტანეთში, COVID-19-ით უკვე დაავადდა 65 000 მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 8 000-ს უახლოვდება. 8 აპრილთან შედარებით, 9 აპრილს მცირედით იკლო ინფიცირების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების რიცხვმა.

საქართველოს მოქალაქეები აშშ-დან და კვიპროსიდან ბრუნდებიან

დღეს, 10 აპრილს ვაშინგტონიდან დოჰაში თვითმფრინავით ჩაიყვანენ 79 ქართველ მოზარდს, რომლებიც დოჰადან თბილისში სპეცრეისით დაბრუნდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-დან ქართველი მოსწავლეების ორგანიზებულად დასაბრუნებლად აქტიური მუშაობა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და პირადად ელჩს, კელი დეგნანს.

ვაშინგტონიდან-დოჰამდე მოზარდების მგზავრობა აშშ-მა დააფინანსა, დოჰადან თბილისში კი - საქართველოს მთავრობამ. 9 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ სომხეთის თხოვნით, ამავე რეისით აშშ-დან ჩამოიყვანენ სომხეთის მოქალაქე 35 მოზარდსაც.

10 აპრილს საქართველოს 120-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდება კვიპროსიდანაც. თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

კორონავირუს COVID-19-თან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი;

14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი;

18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი;

21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი;

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინ გაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეების დაბრუნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებით ხორციელდება და თვითმფრინავში მგზავრების განლაგება ხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

ტიკარაძე სასულიერო პირებისთვის სწრაფი ტესტის ჩატარების მიზეზს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში ილაპარაკა COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის შესახებ, რომლის თანახმად, სასულიერო პირებს სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ.

„საქართველოში გვაქვს ტუბერკულოზის პროგრამის ძალიან კარგი პრაქტიკა და როცა ამ პროგრამას ვახორციელებდით, რომელიც ძალიან წარმატებით შესრულდა, იქ შეტანილი იყო სასულიერო პირთა და მონასტრების კვლევაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გარკვეულწილად, ეს დაწესებულებებიც ითვლება მოწყვლად ჯგუფებად. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა და გაფართოებულ ალგორითმში სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა შეტანილი ამ პირების კვლევაც“, – თქვა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, დღესდღეობით, საქართველო არ იმყოფება გავრცელების იმ ფაზაზე, რომ მოქალაქეებს ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი ჩაუტარონ.

„ჩვენი ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობაში ჯერ არ არის გავრცელების ის კოეფიციენტი, სადაც შეიძლება, გადატანილი ინფექციები ვეძებოთ. აქედან გამომდინარე, ჯერ ალგორითმის გაფართოება ამ კუთხით არ იგეგმება. თუმცა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ შეიძლება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირება ყველა უსიმპტომოსაც ჩავუტაროთ“, – თქვა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უსიმპტომო მოქალაქეებს ტესტირება ეპიდემიოლოგების და პირველი ჯანდაცვის რგოლის მხრიდან მიტანილი ეჭვის საფუძველზე ჩაუტარდებათ.

ორგანიზაციული ჯგუფები და თავშეყრის ადგილები, რომლებზეც სწრაფი ტესტებით ანტისხეულებზე სკრინინგი ვრცელდება, ასეთია:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;
  • თავდაცვის ძალები;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;
  • სასულიერო პირები, მონასტრები და სხვ.

პაატა იმნაძე: ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლების განმავლობაში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოში დამზადებული პირბადეების საკითხზე რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა. აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც წაიკითხონ“, - წერს პაატა იმნაძე.საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე.

საქართველოში წარმოებული პირბადე
საქართველოში წარმოებული პირბადე

საქართველოში წარმოებული პირბადის შესახებ არაერთი ადამიანი გამოთქვამს უარყოფით პოზიციას, მათ შორის, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიქყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

საქართველოში პირბადეების დეფიციტი მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად გაჩნდა.

სამი ბლოკ-საგუშაგო ამოქმედდება 10 აპრილიდან ლენტეხსა და ცაგერში

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები უკვე შერჩეულია. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ბლოკ-საგუშაგოები მოეწყობა. ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კონკრეტული ადგილები დაასახელა: ე.წ. გელავერის უღელტეხილი, მურის ციხეების მიმდებარე ტერიტორია და სოფელი ალპანა. ბლოკ-საგუშაგოები 10 აპრილს, 06:00 საათის შემდეგ ამოქმედდება.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის ექიმები თერმოსკრინინგს აწარმოებენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. დაწყებულია კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

უნგრეთში განუსაზღვრელი ვადით გრძელდება მკაცრი საკარანტინო ზომები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

9 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით გრძელდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მკაცრი საკარანტინო ზომები.

უნგრეთში ოფიციალურად აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 980 დადასტურებული შემთხვევა და 66 გარდაცვალება, თუმცა მთავრობამ აღიარა, რომ რეალური რაოდენობა ალბათ ბევრად მეტია.

ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებითაც აკრძალულია გადაადგილება გარდა სამსახურში, მაღაზიებსა და აფთიაქში სიარულისა, 11 აპრილს გასდიოდა ვადა.

„შეზღუდვებს კვირაში ერთხელ გადავხედავთ,“ აღნიშნა ორბანმა.

ორბანმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაემორჩილონ აკრძალვას აღდგომის სადღესასწაულო დღეებში - არ შეიკრიბონ ჯგუფებად და საჯარო სივრცეში დაიცვან სოციალური დისტანციის წესები.

ორბანმა ასევე ქალაქების მერებს უფლება მიანიჭა, „საკუთარ თემებში უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ.“

გასულ კვირაში უნგრეთის პარლამენტმა მოიწონა კანონი, რომელიც მემარჯვენე პოპულისტ ორბანს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. ორბანის თქმით, ეს უფლებამოსილებები აუცილებელია პანდემიასთან საბრძოლველად, მაგრამ კრიტიკოსები ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ ძალაუფლების უზურპაციაა.

აჭარაში კორონავირუსი კარანტინში მყოფ დედა-შვილს დაუდასტურდა

„ორი ახალი შემთხვევა დაგვემატა და ორივე იმპორტირებულია“, - თქვა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. მისი ინფორმაციით, 40 წლამდე დედას და 10 წლამდე ბავშვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ 4 აპრილს გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

„იმ დროს არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონიათ. შესაბამისად, განთავსებულi იყვნენ საკარანტინო სივრცეში. 9 აპრილს მათ ტემერატურის მატება აღენიშნათ და ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. აუღეს ბიოლოგიური მასალა და PCR კვლევით დადასტურდა COVID -19. ამჟამად „მედ-ალფას“ კლინიკაში მკურნალობენ. ცხელების გარდა სხვა კლინიკური ნიშანი ამ ეტაპზე არ აქვთ“, - თქვა მიქელაძემ.

აჭარის სასტუმროებში კარანტინში სულ 2000-მდე ადამიანი იმყოფება. როგორც მინისტრი ამბობს, ყოველდღიურად თურქეთიდან 100-150 მოქალაქე ბრუნდება და ისინი პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ. ამასთან, აჭარაში უკვე სამი ცხელების ცენტრი მუშაობს. რეგიონის კლინიკებში COVID -19-ით ინფიცირებული 16 მოქალაქე მკურნალობს. მათგან ერთი არის დამძიმებული ანამნეზით, რომელიც მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა, ზაალ მიქელაძის თქმით, მისი მდგომარება სტაბილურია.

9 აპრილს, 22:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 218 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი.

ეზუგბაია: ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება გახდეს საჭირო

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, მონასტრებში სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგის საკითხზე დასმულ შეკითხვას, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ასე უპასუხა: „ალბათ თქვენი [ჟურნალისტების] დატესტვაც შეიძლება იყოს საჭირო. როგორც ლაპარაკია, ასეთი შეკრებები მიუღებელია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, მათ შორის იმ პირებისაც, რომლებიც 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენენ. ასეთი სახის ტესტირების საჭიროებას აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“.

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, დასახელებულია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.

IMF: მსოფლიო „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა

კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს 1929-1933 წლების "დიდი დეპრესიის" შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს და საჭირო იქნება ფართო მასშტაბის ჩარევა ეკონომიკის კვლავ აღსადგენად, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 9 აპრილს.

IMF-ის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ „2020 წელს მკვეთრად გაუარესდება გლობალური ზრდა“: IMF-ის 180 წევრიდან 170-ში შეინიშნება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის კლება.

„ფაქტობრივად, 'დიდი დეპრესიის' შემდეგ ყველაზე უარესი ეკონომიკური შედეგების მომსწრე ვართ“, განაცხადა გეორგიევამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის წინ. შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

გეორგიევას თქმით, პანდემიის ხანგრძლივობისა და პერსპექტივის შესახებ „უზარმაზარი გაურკვევლობა“ სუფევს და ვითარება შეიძლება გაუარესდეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალ წელს ეკონომიკის მხოლოდ „ნაწილობრივ გაჯანსაღებას“ ვარაუდობს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსი მიმდინარე წელსვე გაქრება და საშუალება გაჩნდება, განახლდეს ნორმალური ბიზნესი მას შემდეგ, რაც გაუქმდება მკაცრი საკარანტინო ზომები.

ეზუგბაია: ახლად დადასტურებული ოთხივე შემთხვევა უცხოეთიდან არის შემოტანილი

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-დან 218-მდე გაიზარდა. როგორც ექიმი ამბობს, ყველა მათგანის დასნებოვნების წყარო ცნობილია: „უცხოეთიდან არის შემოტანილი“. ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი არის ბათუმში, ხოლო ორი ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 34 ინფიცირებული იმყოფება. როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, მათ შორის შვიდ პაციენტს აღენიშნება მძიმე პნევმონია. ორ შემთხვევაში დაავადება ჯერ გარკვეულწილად პროგრესირებს. „ჯერ სტაბილიზირება ვერ იქნა მიღწეული“, -აზუსტებს ეზუგბაია და დასძენს, - „დანარჩენი ხუთი პაციენტის შემთხვევაში მიღებულია სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე დაიწყება გამოჯანმრთელება“.

ინფექციური საავადმყოფოდან სულ 37 პაციენტი არის გამოჯანმრთელებული.

9 აპრილს დილით ინფექციური საავადმყოფოდან ტესტირებული იყო ათი პაციენტი და მათი გამოკვლევების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

საქართველოში COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევაა

საქართველოში 9 აპრილის დილიდან - 214-დან 218-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

სამთავრობო ვებსაიტზე 9 აპრილის 19:30 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4722 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს ვერ მივალ აღდგომის წირვაზე

საქართველოს პრეოზდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ წელს პირველად ვერ მივა აღდგომის ღამით ეკლესიაში, ვინაიდან პრეზიდენტი უნდა იყოს კანონმორჩილი და სამაგალითო ამ თვალსაზრისით.

ვიდეომიმარვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან ვნების კვირეულს რომელიმე ლოტურგიაზე. ეს იყო ჩვენი ოჯახის ტრადიცია. ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება. თუმცა, სხვა ვითარებაა ამ წელს. ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი სიტყვებით, დარწმუნებულია, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ილოცებენ და„ის იქნება ჩვენი, ასევე ჩვენი რწმენის გამარჯვება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2 მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.

შემოღებული აკრძალვების მიუხედავად, ეკლესიაში არ შეწყვეტილა წირვა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილი გაგვითენდა კარანტინის ვითარებაში

„დღეს 9 აპრილი გაგვითენდა სულ სხვა, საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენის, კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება ამ 9 აპრილს ხვდება სხვა განწყობით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამო ის დღე ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი.

„ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან , მე არ მივსულვარ მემორიალთან. რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა -ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით , ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება, ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. შეიძლება სახლში კიდევ უფრო გავიაზროთ რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკებლობისთვის, სახელმწიფოსთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, იწყებდნენ დაღამების შემდეგ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG