Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: ხვალ გაირკვევა, სად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტერიალი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ხვალ, 26 თებერვალს გახდება ცნობილი, სად ჩატარდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე:

„ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ მე დღეს კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას“, - უთხრა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესია მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანმა თავი შეიკავა, პასუხი გაეცა კითხვაზე, გაკეთდება თუ არა არჩევანი სტრასბურგსა და თბილისს შორის.

„ხვალ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG