25 თებერვალს ერევანში დაიწყო სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული სომხეთის ექსპრეზიდენტის სერჟ სარგსიანის სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა განიხილოს, მიითვისა თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს, სომეხი ფერმერებისათვის დიზელის საწვავის შესაძენად განკუთვნილი 489 მილიონი დრამი (1 მილიონი ამერიკული დოლარი).
ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს 8 წლით პატიმრობა ელოდება.
65 წლის სერჟ სარგსიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რაც გაიმეორა 25 თებერვალს, სასამართლოს შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერების წინ. „სომხეთში ჯერ კიდევ არსებობენ მოსამართლეები, რომლებისთვისაც სამართალი ყველაფერზე მაღლა დგას“, - განაცხადა სარგსიანმა.
სასამართლოს სამართლიანი ვერდიქტისკენ მოუწოდა პროცესის დაწყებამდე სარგსიანის მომხრე „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომლის წევრები თავიანთი ლიდერის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს „შეთითხნილსა და აბსურდულს“ უწოდებენ.
სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სარგსიანს ბრალი წაუყენა მისი დიდი ხნის მეგობრის, ბიზნესმენ ბარსეგ ბეგლარიანის სასარგებლოდ საწვავის შესაძენად გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის გაყალბებაში, მაშინ როცა სხვა კომპანია მზად იყო, საწვავის იმპორტი განეხორციელებინა უფრო დაბალ ფასებში.
დაწერეთ კომენტარი