ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი 3 მარტისთვის გადაიდო.
როგორც პროცესის შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესი გადაიდო საქმეზე მოწმეთა და დაზარალებულთა გამოუცხადებლობის გამო. მისივე სიტყვებით, საქმეში რეალური მოწმეები და დაზარალებულები არც არსებობენ.
მეარაყიშვილის თქმით, ის აპირებს დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართოს, იმ პირთა დასჯის მოთხოვნით, რომლებმაც „გამოგონილი ბრალდებები შეკერეს“.
2020 წლის იანვარში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა და საქმის პირველ ინსტანციაში, ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას. კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.
თამარ მეარაყიშვილი საცხოვრებელ სახლთან 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის. ე.წ. სასამართლომ იგი სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ახალგორიდან იძულებით გაძევება ემუქრება.
დაწერეთ კომენტარი