Accessibility links

ჩამოვა თუ არა სერგეი ლავროვი საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 თებერვალს


როგორ გადაწყვეტს ხელისუფლება სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის თავსატეხს?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ პირობა დადო, რომ დღეს საზოგადოება გაიგებდა, სად ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა.

თუ გეგმები არ შეიცვალა, ღონისძიებას საქართველომ მაისში უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ერთ-ერთ მონაწილედ სერგეი ლავროვიც მოიაზრება. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დღეს, როცა სერგეი ლავროვს ქართველმა ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა, ჩამოვიდოდა თუ არა ის თბილისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასე უპასუხა - „თქვენ ავად ხართ, გოგოებო“.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:​

რა ხდება აჭარის ტელევიზიაში?

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მაია მერკვილაძემ, არხზე დარჩენა გადაწყვიტა. მან ხელი მოაწერა ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისგან შეთავაზებულ ორივე ხელშეკრულებას. მაია მერკვილაძემ თქვა, რომ არცერთი შეთავაზება მისი ადრინდელი თანამდებობის ტოლფასი არ არის, თუმცა, დარჩენის გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებით მიიღო. ჟურნალისტების პროტესტი კი გრძელდება.

არხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება და პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს არხის ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი, რომელიც არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსზე ჩატარებული სინჯების შედეგები უარყოფითია. რა ხდება მსოფლიოში?

საქართველო ისევ რჩება იმ ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მისი აფეთქებიდან ორი თვის თავზე არ დაფიქსირებულა.

გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ცხრა პაციენტიდან ხუთს კორონავირუსი ლაბორატორიულად არ დაუდასტურა და ისინი სახლში გაწერეს. მათგან ორი ირანის, ხოლო დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც იტალიაში ან ირანში იმოგზაურეს. ეს ქვეყნები ახლა ვირუსის გავრცელების არეალია. დაკვირვების ქვეშ 4 პაციენტი დარჩა, თუმცა მათგან ტემპერატურა მხოლოდ ერთს ჰქონდა.

მსოფლიოში კი ვირუსის გავრცელება გრძელდება. ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის შეკავება უკვე დაგვიანებულია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) პანდემიის გამოცხადებისგან ჯერ თავს იკავებს.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარინა ჩოლოიანის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარინა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეშია ბრალდებული.

ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ ჩოლოიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ლუკა სირაძე გასული წლის დეკემბერში მრავალსართულიანი სახლიდან გადმოხტა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მოზარდის ოჯახის თქმით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. ბიჭი პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთი სკოლის კედელზე დატოვებული წარწერების გამო დაიბარეს.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "ქართულ წამლებს" ებრძვის

ოკუპირებულ ცხინვალში იმ მედიკამენტებს გამოუცხადეს ბრძოლა, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არის შეტანილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით საქმე აღიძრა ქალის მიმართ, რომელიც ასეთ წამლებს აფთიაქში ყიდდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის, წამლების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით. ეს კი განსაკუთრებით ამძიმებს დღევანდელ ვითარებას. ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალის რეგიონში სურსათის და სხვა პროდუქციის დეფიციტია, რადგან რუსეთმა გაამკაცრა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატანი ტვირთის განბაჟების წესები.

წაიკითზე მეტი

თბილისის 12 მივიწყებული მდინარე

იცოდით თუ არა, რომ თბილისში, მტკვრისა და ვერეს გარდა, სხვა პატარა მდინარეებიცაა? ქალაქმა ეს მდინარეები დაკარგა. მათ მხოლოდ ნაგვის ჩასაყრელად იყენებენ. ნაწილი უკვე საფრთხესაც კი წარმოადგენს, ოღონდ ეს საფრთხე ადამიანის მიერაა შექმნილი, რადგან ზოგიერთი მდინარის კალაპოტში მშენებლობები დაიწყო. მაგალითად, ვარაზისხევში, იქ, სადაც ოდესღაც კალაპოტი იყო, ახლა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და ეს ერთადერთი მაგალითი არაა.

თეა თოფურია დედაქალაქის მივიწყებულ მდინარეებს აღმოგაჩენინებთ, რომლებიც ახლა თბილისის ურბანული თავისებურებების ტყვეობაში არიან მოქცეულები.

წაიკითხე მეტი

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

ფოტო გადაღებულია მილანის მეტროში. ქალაქის ცენტრალურ მსადგურზე გაჩერებულ ვაგონში პირბადიანი წყვილი ზის. ქვეყანაში კორონავირუსის 150-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, არიან გარდაცვლილებიც.

წყარო: Reuters

ცხინვალში მაღაზიის თაროები ისევ ცარიელია. განსაკუთრებით იგრძნობა რძის პროდუქტების დეფიციტი.
არ იშოვება ასევე ხილი და ბოსტნეული. ბევრი მაღაზია დროებით დაიკეტა.
სამ კვირაზე მეტია, რაც ცხინვალელ მეწარმეებს რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროდუქტები ვერ შეაქვთ. რუსი მებაჟეები მათ ქვემო ზარამაგის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ ატარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG