Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია: სერვისებზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის მომავალია


გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ - სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესკლიმატი შეიქმნას ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი, სერვისების სფეროში:

„სერვისები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის მომავალია. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სჭირდება ბევრი წელი, სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არის პატარა ბაზარი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავრობის ინტერესია, რომ ქვეყანა გახდეს პირველ რიგში პლატფორმა, ჰაბი, დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობის, ბიზნესაქტივობისა და ინვესტიციების მომსახურების თვალსაზრისით. მისივე თქმით, დღეს საქართველო არის ტრანზიციის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური თვალსაზრისით კი - ღია, კონკურენტული ბაზარი.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 200-მდე პირი. მათ შორის, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG