Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციაში უარყოფენ თბილისის მაჟორიტარობის კონკრეტულ კანდიდატებზე შეთანხმებას


ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 2019 წლის ნოემბრიდან ტარდება
ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 2019 წლის ნოემბრიდან ტარდება

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმება თბილისის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კონკრეტულ კანდიდატებზე.

ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებულმა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გავრცელდა სრულიად გაუგებარი ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება: „არანაირი შეთანხმება არც ჩემსა და არც „სამოქალაქო მოძრაობის“ სხვა ლიდერებს შორის დანარჩენ ოპოზიციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ გამჭვირვალედ, სამართლიანად და საზოგადოებისთვის გასაგებად და არა დახურულ კარს მიღმა გარიგებებით: „და თუ ვინმეს უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეხმაროს ხელისუფლების შენარჩუნებაში და ივანიშვილს დაეხმაროს, მაშინ სწორედ ეს ტაქტიკა არის, რაღაც გაუგებარი ინფორმაციის გავრცელება არარსებულ შეთანხმებებზე“.

თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ პარტიაშიც კი არ ჰქონიათ: „თბილისში არის 22 ოლქი და აქედან ექვსი კანდიდატის ჩვენებამ გამოიწვია გაურკვევლობა, მით უმეტეს, როდესაც ეს საუბარია ერთ ან ორ პარტიაზე“.

გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ოლქები პარტიების მიხედვით განაწილდება.

ამასთან, კანდიდატების ნაწილზე შეთანხმების შესახებ საუბრობენ „ევროპულ საქართველოში“, თუმცა, ამბობენ, რომ ჯერჯერობით არანაირი სია არ არსებობს.

„არანაირი სია გამზადებული არ არის. არასოდეს არ ყოფილა ამაზე საუბარი ჩვენი მხრიდან“, - უთხრა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარ კანდიდატებზე და ნაწილ ოლქებში არის შეთანხმება: „ოღონდ, ნაწილში არ არის და ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და ამბიცია, რომ მალე ეს სია შევათანხმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წასვლით და მისი ოპოზიციაში გადასვლით არის დაინტერესებული“. კაპანაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ არასდროს უთქვამს, რომ რომელიმე ოლქი საბოლოოდ შეთანხმებულია ყველასთან და არასწორი და ცუდია, თუ ვინმემ ასე გაიგო.

25 თებერვალს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია შეთანხმდა რამდენიმე მაჟორიტარ კანდიდატზე, რომლებსაც თბილისში წარადგენს. ტელეკომპანიამ ამ კანდიდატებად დაასახელა „ლეიბორისტული პარტიის“, „ახალი საქართველოს,“ „თავისუფალი დემოკრატების“ და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერები, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე, შალვა შავგულიძე და ალეკო ელისაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი და „ევროპული საქართველოდან“ - დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია.

სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც 2019 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე 2020 წლიდან და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ეს მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს ნოემბრიდან მართავენ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი პარტია არ დათანხმდა და საპასუხოდ გამოთქვა ინიციატივა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ხოლო პროპორციული წესით, ანუ სიით არჩეულთა რიცხვი გაიზარდოს 77-დან ასამდე. ოპოზიციამ ეს წინადადება არ გაიზიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს, კონსულტაციებს აწარმოებს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შესათანხმებლად და ამას არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG