Accessibility links

logo-print logo-print

ადგურ არძინბა: არანაირი დიალოგი საქართველოსთან, ის ჩვენი მტერია


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა საქართველოსთან დიალოგის წინააღმდეგია, მან ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ იცით, როგორი ძლიერი მხარდაჭერა აქვს ჩვენს მტერს. ისინი დღედაღამ აძლიერებენ თავიანთ ჯარს. საქართველოსთან არანაირი დიალოგი არ უნდა იყოს. ის ჩვენი მტერია. ამაზე ფიქრიც დაუშვებელია. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის საკითხები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. ვისთან უნდა გვქონდეს დიალოგი? იმ ადამიანებთან, რომლებიც დილიდან საღამომდე სწავლებებს გადიან და წარმოუდგენიათ, თუ როგორ გადმოსხდებიან სოხუმში? აღიარონ ჩვენი დამოუკიდებლობა, ისაუბრონ იმ ზარალზე, რაც ჩვენს ეკონომიკას მიაყენეს. შემდეგ ვისაუბრებთ“, - აღნიშნა არძინბამ.

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობენ ოპოზიციური კანდიდატის ასლან ბჟანიას გუნდის წევრები. ამ საკითზე ნაწილობრივ თავად ბჟანიამაც ისაუბრა.

„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.

ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ, იგი გავაჟღერო ნებისმიერ აუდიტორიაში...

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, - თქვა ბჟანიამ.

„იმაზე საუბარი რომ დიალოგი არ გვჭირდება, სისულელეა და ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ეს ჭკვიანმა ადამიანებმა თქვან“, - განაცხადა პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენელმა სერგეი შამბამ.

აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG