Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც ქალს სექსუალურ კავშირს აიძულებდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარის გზით სექსუალურ კავშირს აიძულებდა. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები:

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი 2019 წლის იანვარში სიღნაღში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG